საქართველოს ბიუჯეტი ერთ-ერთი ყველაზე უფრო გამჭვირვალეა

საქართველოში სპეციალური პლატფორმა გაჩნდა, რომელიც მოსახლეობას მისცემს საშუალებას, უფრო აქტიურად ჩაერთოს ბიუჯეტის დაგეგმვისა და მისი განხორციელების პროცესში.
Sputnik

თბილისი, 5 მაისი – Sputnik. საქართველოსთვის ბიუჯეტის გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია, რამდენადაც იგი სახელმწიფო ფინანსების უფრო ეფექტურად ხარჯვის საშუალებას იძლევა, განაცხადა ჟურნალისტებთან ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ "საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობის" მიერ შედგენილ „ღია ბიუჯეტის ინდექსში“ საქართველოს მიღწევების შეფასებისას.

ორგანიზაციამ საქართველო 117 ქვეყანას შორის მეხუთე ადგილზე განათავსა. სახელმწიფო ბიუჯეტი თავისი მაჩვენებლებით უსწრებს ისეთ განვითარებულ ქვეყნებს, როგორებიცაა საფრანგეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი. 

უმუშევრობა და კომუნალურები: როგორ განაწილდება ბიუჯეტი

„აღსანიშნავია, რომ ჩვენთვის საბიუჯეტო გამჭვირვალობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, ვინაიდან გამჭვირვალობა გვაძლევს სახელმწიფო ფინანსების უფრო ეფექტურად ხარჯვის საშუალებას. 2019 წელს ჩვენ შევინარჩუნეთ ის მაღალი პოზიცია, რასაც ჰქვია მსოფლიოში მეხუთე ადგილი“, – განაცხადა კაკაურიძემ.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ საქართველომ საკუთარი პოზიციები გაიუმჯობესა როგორც ბიუჯეტის ზედამხედველობის ნაწილში, ისე მოსახლეობის ჩართულობის კუთხით, თუმცა, ამ მხრივ კიდევ ბევრი სამუშაოა.

როგორც კაკაურიძემ განაცხადა, საქართველოში ამ მიმართულებით სპეციალური პლატფორმა გაჩნდა, რომელიც მოსახლეობას მისცემს საშუალებას, უფრო აქტიურად ჩაერთოს ბიუჯეტის დაგეგმვისა და მისი განხორციელების პროცესში.

"საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობის" კვლევა მსოფლიოში ერთადერთი დამოუკიდებელი, შედარებითი კვლევაა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტის გამჭვირვალობას, ზედამხედველობის პროცესს და საზოგადოების ჩართულობას სწავლობს. იგი 2006 წლიდან წელიწადში ორჯერ ქვეყნდება. 2018 წელს საქართველო ასევე მეხუთე ადგილზე იყო.