COVID-19 - ბოლო ცნობები

საქართველოში სტომატოლოგიური მომსახურება შეიძლება გაძვირდეს

სტომატოლოგიური კლინიკები იძულებული იქნებიან ფასები გაზარდონ, რადგან ქვეყანაში ეკიპირება და ინდივიდუალური დაცვის საშუალებები საკმაოდ გაძვირდა.
Sputnik

თბილისი, 5 მაისი — Sputnik. ქვეყანაში სტომატოლოგიური მომსახურების ღირებულება, შესაძლოა, გაიზარდოს, განაცხადა PalitraNews-ის ეთერში საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა ქეთევან გოგილაშვილმა. 

რა შეზღუდვები იხსნება 5 მაისიდან - პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე

მისი სიტყვებით, იმისთვის, რომ სტომატოლოგიურმა კლინიკებმა მუშაობა განაახლონ, საჭიროა მათ ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ორდღიანი მარაგი ჰქონდეთ, რომელთა ღირებულებაც საკმაოდ გაიზარდა.

„100%-ით კი არა, 400%-ით არის გაზრდილი ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ღირებულება და ეს არა მარტო ჩვენთან, არამედ მსოფლიო პრობლემაა. აქედან გამომდინარე, მაგალითად, პაროდონტოლოგიური პაციენტის მომსახურების დროს მხოლოდ ეკიპირების ფასი მინიმუმ 50 ლარამდე იზრდება“, – განაცხადა ქეთევან გოგილაშვილმა.

მისი სიტყვებით, დღეისთვის არ არის ერთიანი ტარიფი, რომელიც ყველა კლინიკაში იმოქმედებდა. ზოგიერთ კლინიკაში ფასი მაღალია, ზოგან საშუალო ან საშუალოზე დაბალი. თუმცა, მხოლოდ ეკიპირება იმოქმედებს მომსახურების ფასების ზრდაზე, დარწმუნებულია გოგილაშვილი.

„ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროსთვის მიმართვას ვგეგმავთ. არ ვიცი პასუხი როგორი იქნება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ჩინეთიდან დიდი რაოდენობით მიღებული ინდივიდუალური დაცვის საშუალებებიდან რაღაც ოდენობა სტომატოლოგიურ დაწესებულებებსაც გადაეცემა“, – განაცხადა გოგილაშვილმა.