COVID-19 - ბოლო ცნობები

როდის დაიწყება საქართველოში ფულადი დახმარებების გაცემა?

დახმარებას პირველ რიგში მიიღებენ ჯანდაცვისა და შემოსავლების სამსახურის ბაზებში იდენტიფიცირებული პირები.
Sputnik

თბილისი, 5 მაისი — Sputnik. პანდემიის პერიოდში სამსახურის გარეშე დარჩენილი საქართველოს მოქალაქეებისთვის ფულადი დახმარების გაცემა მაისის მეორე ნახევარში დაიწყება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ. 

როგორ მიიღებენ დახმარებას თვითდასაქმებულები: რა უნდა ვიცოდეთ

მისი სიტყვებით, დახმარებას პირველ რიგში მიიღებენ ჯანდაცვისა და შემოსავლების სამსახურის ბაზებში იდენტიფიცირებული პირები. ესენი არიან ფორმალურად დასაქმებული ადამიანები, რომლებიც შემოსავლის გარეშე დარჩნენ. ადამიანები, რომლებიც უკვე არიან რეგისტრირებული სოციალურად დაუცველთა ბაზაში და ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და ბავშვები.

თვითდასაქმებული პირების რეგისტრაცია 15 მაისიდან დაიწყება. ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე სპეციალური პორტალი ამოქმედდება, სადაც ადამიანები საკუთარი მონაცემების შეყვანას შეძლებენ. ორი კვირის განმავლობაში მოხდება აღნიშნული ინფორმაციის შესწავლა, რის შემდეგაც თანხის ეტაპობრივი ჩარიცხვა დაიწყება.

ფინანსთა სამინისტრომ შეიმუშავა სპეციალური და დეტალური ინსტრუქცია ყველა იმ კატეგორიის მოქალაქის დასახმარებლად, ვისაც ეკუთვნის დახმარება საქართველოს მთავრობის მიერ გასულ კვირაში წარმოდგენილი ანტიკრიზისული გეგმის შესაბამისად.

ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, თვითდასაქმებულად მიიჩნევა ის პირი, რომელიც ახორციელებდა რაიმე სახის ეკონომიკურ საქმიანობას და იღებდა შემოსავალს, გარდა იმ პირებისა, ვინც კონტრაქტით მუშაობდა. 

მთავრობამ სოციალურად დაუცველი პირებისთვის დახმარება გამოყო: ვინ რამდენს მიიღებს

სამინისტრომ ისინი პირობითად ორ კატეგორიად დაყო: შემოსავლების სამსახურში ინდივიდუალურად დარეგისტრირებული პირები და ის პირები, რომელთა ეკონომიკური აქტივობა ოფიციალურად არსად არ ფიქსირდება.

ბოლო მონაცემებით, პირველ კატეგორიაში მოხვდა 150 ათასამდე ადამიანი, მეორე კატეგორიაში მოხვედრილი ადამიანების რაოდენობა უცნობია.

ის პირები, რომელთა მიერ გახორციელებული ეკონომიკური საქმიანობა იბეგრება, კუთვნილი 300 ლარის მიღებას იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ მათ 2020 წლის პირველ კვარტალში საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია შეავსეს და გადასახადები გადაიხადეს.

უფრო მარტივად არის საქმე მიკრობიზნესის შემთხვევაში, რომელიც რეგისტრირებულია შემოსავლების სამსახურში.

ინდმეწარმეების შემთხვევაში საკმარისი იქნება 2020 წლის პირველ კვარტალში წარდგენილი საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია, ან საკონტროლო სალარო აპარატით დაფიქსირებული ბრუნვა.

მცირე ბიზნესის შემთხვევაშიც საკმარისი იქნება პირველ კვარტალში შევსებული საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია ან სალარო აპარატის ბრუნვა.

ბაზრის მოვაჭრეებისთვის ასევე საკმარისი იქნება პირველ კვარტალში შევსებული საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია ან სალარო აპარატის ბრუნვა, თუმცა შემოსავლების სამსახურში მათი საქმიანობის დადასტურება ბაზრის დირექციასაც შეუძლია.