COVID-19 - ბოლო ცნობები

სპეცრეისი ათენიდან: საქართველოს მოქალაქეები საბერძნეთიდან დაბრუნდებიან

ავიაკომპანია Georgian Airways-მა თანამემამულეების სამშობლოში დაბრუნების მიზნით ანალოგიური სპეცრეისები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან განახორციელა.
Sputnik

თბილისი, 5 მაისი – Sputnik. საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც კორონავირუსის პანდემიის გამო საბერძნეთის დატოვება ვერ მოახერხეს, სამშობლოში სამშაბათს სპეცრეისით დაბრუნდებიან, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

საგარეო საქმეთა სამინისტრო: სამშობლოში 9,7 ათასამდე თანამემამულე დაბრუნდა

კორონავირუსის გავრცელების გამო საქართველომ 21 მარტიდან პრაქტიკულად მთლიანად შეწყვიტა ავიამიმოსვლა სხვა ქვეყნებთან. ფრენებს ახორციელებს მხოლოდ ავიაკომპანია Georgian Airways, რომელსაც საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოს მოქალაქეები ჩამოჰყავს.

„მთავრობა განაგრძობს მოქალაქეების თანდათანობით ჩამოყვანის პროცესს. რეისი ათენი–თბილისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ დადგენილი ფრენების განრიგის მორიგი სპეცრეისია. აღსანიშნავია, რომ კოვიდ-19-ის გავრცელების პირობებში დაწესებული შეზღუდვების ფონზე ეს არის საბერძნეთიდან მესამე ჩარტერული რეისი“, – ნათქვამია განცხადებაში.

მგზავრთა შორის არიან განსაკუთრებული საჭიროებების და მძიმე ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, ონკოპაციენტები, ფეხმძიმე ქალები და მათი თანმხლები პირები, არასრულწლოვანი და ხანდაზმული მოქალაქეები.

„აღნიშნული რეისით ისარგებლებენ ჩვენი თანამემამულეები, რომლებიც ტრანზიტულად მგზავრობდნენ საბერძნეთის გავლით და კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გამო ვერ ახერხებდნენ ქვეყნის დატოვებას. ავიარეისით სამშობლოს დაუბრუნდებიან ის მოქალაქეებიც, რომლებიც COVID-19-ის გავრცელების შედეგად დარჩენილი იყვნენ თავშესაფრის გარეშე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში უკვე შესრულდა ფრენები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებიდან, მათ შორის - ბერლინიდან, ვენიდან, ლონდონიდან, ათენიდან, აშშ-დან, ლარნაკიდან, ამსტერდამიდან, პეკინიდან, რომიდან, პარიზიდან, თელ-ავივიდან, ბარსელონიდან, ვარშავიდან, მადრიდიდან და ა.შ.

5 მაისის მონაცემებით, საქართველოს საელჩოების ძალისხმევით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან 9 630 თანამემამულე დაბრუნდა, ადგილებზე დახმარება კი 18 857 საქართველოს მოქალაქეს აღმოუჩინეს. 

უცხოეთში მყოფი ქართველებისთვის კორონავირუსთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება

საგარეო საქმეთა სამინისტრო კორონავირუსის პანდემიის პირობებში უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის გაწეული დახმარების შესახებ ინფორმაციას ყოველდღიურად აქვეყნებს. აღნიშნული მონაცემები ორი სახის ინფორმაციას შეიცავს: სამშობლოში დაბრუნებამდე უცხოეთში მყოფ მოქალაქეებზე ზრუნვა და მათი ეტაპობრივი დაბრუნების სტატისტიკა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, უახლოეს დღეებში დაგეგმილია რამდენიმე სპეცრეისი: 5 მაისი – ათენი–თბილისი, 7 მაისი – ამსტერდამი–თბილისი, 9 მაისი – ბერლინი–თბილისი.
ფრენებს ახორციელებს ქართული ავიაკომპანია Georgian Airways. ბილეთის ფასია 199 ევრო. გარდა ამისა, 6 მაისს საქართველოს მოქალაქეები იორდანიიდან და საუდის არაბეთიდან შეძლებენ დაბრუნებას.

თითოეული დაბრუნებული მოქალაქე სპეციალურ ზონებში მედიკოსების დაკვირვებით სავალდებულო ორკვირიან კარანტინს გაივლის.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ უცხოელი ტურისტებისთვის საზღვრები სრულად ჩაკეტა, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, და საჰაერო მიმოსვლა ყველა მიმართულებით შეწყვიტა. 21 მარტიდან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. ამ დროისათვის ქვეყანაში კორონავირუსი 604 ადამიანს დაუდგინდა, გამოჯანმრთელდა 240, გარდაიცვალა 9 პაციენტი.