ოჯახური ძალადობა საქართველოში: პოლიციამ ლატვიის მოქალაქე დააკავა

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს სასჯელის სახით სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
Sputnik

თბილისი, 5 მაისი - Sputnik. სამართალდამცველებმა ოჯახში ძალადობის, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარისა და შემაკავებელი ორდერის მოთხოვნების შეუსრულებლობის ბრალდებით ბათუმში ლატვიის მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

33 წლის მამაკაცი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიების ცნობით, მამაკაცმა მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ბრალდებული ასევე სისტემატურად მიდიოდა ქალის დროებით საცხოვრებელ ბინაში, რითიც არღვევდა მის მიერ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე გამოცემული შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებულ მოთხოვნებსა და ვალდებულებებს. 

ძალადობის მსხვერპლთა დახმარების შესახებ ინფორმაცია აფთიაქებსა და მაღაზიებში გაჩნდება

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობის და მუქარის, ასევე შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტებზე საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა, 151-ე და 11 პრიმა 381-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ოჯახური ძალადობა – საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დანაშაულია. ამიტომაც, კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი სიტუაციის მიუხედავად, მთავრობა აგრძელებს ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის მკაცრი პოლიტიკის გატარებას.

ოჯახური ძალადობის მსხვერპლთათვის 24-საათიან რეჟიმში მუშაობს ცხელი ხაზი - 116 006. მისი საშუალებით შესაძლებელია უფასოდ და ანონიმურობის სრული დაცვით ფსიქოლოგიური და იურიდიული კონსულტაციის მიღება. მუდმივ რეჟიმში მუშაობს ასევე „112“-ის ცხელი ხაზიც. 

საქართველოს შსს-ს მონაცემებით, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობა ქვეყანაში ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკაში მესამე ადგილზეა.

კერძოდ, 2019 წელს ოჯახური ძალადობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრა 4,6 ათას ადამიანს, რომელთა უმეტესობა დაკავებულია. სულ 2019 წელს გამოძიება დაიწყო ოჯახური ძალადობის 6 ათას ფაქტზე, მაშინ, როცა 2018 წელს ეს მაჩვენებელი 5,6 ათასი იყო.

2014 წლიდან ოჯახური ძალადობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცალკე მუხლად ჩამოყალიბდა. გენდერული მოტივით ჩადენილი დანაშაული დამამძიმებელ გარემოებად ითვლება. საქართველოს ხელისუფლებამ კანონის გამკაცრება ოჯახური კონფლიქტების ნიადაგზე მკვლელობების გახშირების შემდეგ გადაწყვიტა. 2014 წელს ოჯახური გარჩევების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა.