როგორ შევარჩიოთ ბოსტანსა თუ ბაღჩაში დასათეს-დასარგავი კულტურა?
არჩევანი იმ ბოსტნეულზე, ბაღჩეულსა და მწვანილეულზე უნდა შევაჩეროთ, რომლებსაც წამყვანი და უცვლელი ადგილი უკავია ჩვენი ყოველდღიური კვების რაციონში. ასეთებია: კარტოფილი, ლობიო, კიტრი, პომიდორი, ბადრიჯანი, ყაბაყი, ოსპი, ბარდა, ქინძი, ოხრახუში, ნიახური, კამა, სტაფილო, ჭარხალი, ისპანახი, ცერეცო, წითელი და ტკბილი წიწაკები, რეჰანი, პიტნა, ნიორი, ხახვი, იმერული ზაფრანა, სალათა და სხვ. მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.
ბოსტნის მოსაწყობად პირველ რიგში საჭიროა ნაკვეთის მომზადება, დასარგავ-დასათესი კულტურის შერჩევა-მომზადება და აგროტექნიკური ღონისძიებების ზოგადი წესების გახსენება.
ყველა კულტურას საკუთარი დათესვა-დარგვის და მოვლის წესები აქვს, თუმცა არსებობს რამდენიმე ზოგადი წესი, რომელთა გათვალისწინება აუცილებელია ბოსტნეულის ნათესებში მავნებელ-დაავადებების მინიმუმამდე შემცირებისა და მოსავლიანობის მაქსიმალურად გაზრდისთვის. ერთ-ერთი ასეთი აუცილებლად გასათვალისწინებელი წესია ნაკვეთზე კულტურათა მონაცვლეობა და წინამორბედი კულტურების გათვალისწინება (კულტურათა მონაცვლეობა - ერთსა და იმავე ნაკვეთზე ერთ წელს სხვა კულტურა ითესება, მომდევნო წელს სხვა და ა.შ., წინამორბედი კულტურა - კულტურა, რომელიც დათესილი იყო ნაკვეთზე გასულ წელს).
მწვანილი კარგად მოდის ნაკვეთზე, სადაც წინა წელს კომბოსტო, კარტოფილი, პომიდორი და კიტრი იყო დათესილი. არ არის სასურველი მწვანილიან ნაკვეთზე მომავალ წელს იგივე მწვანილის დათესვა. ოპტიმალურია მწვანილის მონაცვლეობა ზემოჩამოთვლილ კულტურებთან.
პარკოსნებისთვის სასურველი წინამორბედი კულტურებია კომბოსტო, კარტოფილი, პომიდორი, ძირხვენები (სტაფილო, ჭარხალი, ბოლოკი და სხვ.). არ არის სასურველი ისევ პარკოსნების დათესვა.
თამამად დათესეთ კარტოფილის ნათეს ნაკვეთზე კომბოსტო, იონჯა და ბარდა. დაუშვებელია ამ ნაკვეთზე მეორე წელს პომიდვრის და ბადრიჯნის მოყვანა.
თუ ნაკვეთზე აპირებთ კომბოსტოსნაირების დათესვას, გაითვალისწინეთ, არ შეარჩიოთ ადგილი, სადაც წინა წელს პომიდორი მოიყვანეთ. პომიდვრიან ნაკვეთზე სასურველია ისევ პომიდორი, კარტოფილი, ან პარკოსნები დათესოთ.
ძირხვენების ნათესებზე ოპტიმალური იქნება, თუ მომდევნო წელს კარტოფილს და კომბოსტოს დაუთმობთ. მომდევნო წელს ისევ ძირხვენებს და ასე მორიგეობით. არ არის სასურველი ერთ ნაკვეთზე ორი და მეტი წლის მიყოლებით ერთი სახეობის ძირხვენის თესვა.
კიტრის ნათეს ადგილზე დაუშვებელია ისევ კიტრის და სხვა გოგროვანების მოყვანა. უკეთესი იქნება, თუ კიტრს მომდევნო წელს კომბოსტოს, კარტოფილსა და პომიდორს შეუნაცვლებთ.
ხახვის ნაკვეთზე დაუშვებელია ისევ ხახვისნაირების (ხახვი, მწვანე ხახვი, ნიორი, პრასი და სხვ.) დათესვა. შეუნაცვლეთ ხახვს კომბოსტო, ან კარტოფილი.
გაითვალისწინეთ, უმეტესი კულტურების შემთხვევაში არ არის სასურველი რამდენიმე წლის მიყოლებით ერთი და იმავე კულტურის, ან ერთი ოჯახის კულტურების თესვა. თუ გაქვთ საშუალება, ცვალეთ კულტურები. ამით მოსავალიც უკეთესი მოგივათ და მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლაც ნაკლებ დროს და საშუალებებს მოითხოვს.
კულტურათა მონაცვლეობის გარდა, არანაკლებ ყურადსაღებია გვერდიგვერდ სარგავ-სათესი კულტურების სწორად შერჩევა. „კარგი მეზობლები“ სიმბიოზურად (შეთანხმებულად) თანაცხოვრობენ, ერთმანეთს იცავენ და აძლიერებენ, არასწორად შერჩეული კი, პირიქით, აფერხებს და ხელს უშლის მეზობელი მცენარეების განვითარებას:
კარტოფილი კარგად ხარობს მინდვრის ლობიოს და სხვა პარკოსნების, ისპანახის, კომბოსტოების, სალათების, სიმინდის, ბოლოკის, ქონდარის და პირშუშხას მეზობლად. პარკოსნები ნიადაგს აზოტით ამდიდრებენ და კოლორადოს ხოჭოსაც აფრთხობენ, რომელიც კარტოფილის დაუძინებელი მტერია, პირშუშხა კი ტკიპასგან იცავს კარტოფილს. საერთო მავნებელ-დაავადებების გამო არ არის სასურველი კარტოფილის დარგვა მზესუმზირის, ჭარხლისა და პომიდვრის გვერდით.
კიტრი კარგად ხარობს ლობიოს და სხვა პარკოსნების, ნიახურის, ნივრის, ხახვის, მწვანე ხახვის, სალათის, კამის, ცერეცოს, ჭარხლის, ბოლოკის, კომბოსტოს, თალგამის და ისპანახის გვერდით. თალგამი კიტრს იცავს მწერებისგან, აუმჯობესებს ნიადაგის სტრუქტურას და კიტრის გემოც უკეთესი ხდება. არასასურველი მეზობელია პომიდორი.
პომიდორი კარგად ხარობს ნიახურის, ოხრახუშის, სალათების, ისპანახის, მინდვრის ლობიოს, ბოლოკის, თალგამის, ნივრის, სიმინდის, კომბოსტოს, სტაფილოს, ჭარხლის, მწვანე ხახვის, პიტნის, რეჰანის, საშკვლავის (მწვანე რეჰანი) და მელისას გვერდით. არომატული ბალახები ნაყოფის გემოს უკეთესს ხდის, გამძლეობასაც მატებს და მავნებლებსაც კარგად აფრთხობს. არ არის სასურველი მეზობლად კიტრის, კარტოფილის, კოლრაბის, კამას და ცერეცოს დათესვა.
კომბოსტოს გვერდით კეთილმეზობლურად თანაცხოვრობს კარტოფილი, მინდვრის ლობიო, პრასი, ჭარხალი, კიტრი, მანგოლდი, ნიახური, კამა, სალათი, ისპანახი, ვარდკაჭკაჭა, არომატული პიტნა და როზმარინი. ნიახური და სალათი იცავს კომბოსტოს აბეზარი მიწის რწყილებისგან, პრასი, კამა და სხვა არომატული ბალახები აფრთხობს ჩრჩილებს, მავნებელ პეპლებს და მათ მატლებს. არ არის სასურველი კომბოსტოს გვერდით პომიდრის, ოხრახუშის, ნივრის დათესვა. სასურველია თუ კომბოსტოს ვენახისგან მოშორებით დათესავთ.
ბადრიჯანი - მეტად ეგოისტი მცენარეა და მარტო ყოფნა ურჩევნია, ცუდად იტანს სხვა მეზობლებს, თუმცა შესაძლოა მის გვერდით მინდვრის ლობიოს, ხახვის, სალათის და ისპანახის დათესვა.
სტაფილო პირიქით, მეტად კეთილმეზობლური კულტურაა და კარგად გრძნობს თავს ბარდას, ხახვის, პომიდვრის, ნივრის, მწვანე ხახვის, ისპანახის, ბოლოკის, თალგამის, სალათის, მანგოლდის, ჭარხლის და არომატული ბალახების გვერდით. მხოლოდ კამას ვერ ემეგობრება. არომატული ბალახები აფრთხობს სტაფილოს ბუზს.
კეთილმეზობლური კულტურაა ჭარხალიც - კარგად თანაცხოვრობს პომიდვრის, მინდვრის ლობიოს, ისპანახის, ხახვის, კომბოსტოს, ბოლოკის, თალგამის, სტაფილოს, სალათის, კოლრაბის, ნივრის, კიტრის, ძირხვენიანი ნიახურის გვერდით. ეს კულტურები ერთმანეთს ზრდა-განვითარებაში უწყობენ ხელს. ჭარხალს არ მოსწონს კარტოფილის, სიმინდის, მანგოლდის და მწვანე ხახვის მეზობლად ყოფნა.
ხახვი კარგად თანაცხოვრობს სტაფილოს, ჭარხლის, სალათის, ბოლოკის, კიტრის, ისპანახის და არომატული ბალახების გვერდით. ხახვის ფიტონციდები ხელს უწყობს ამ კულტურების ზრდას, სტაფილო ხახვის აბეზარ ბუზს აფრთხობს. არ მოსწონს ხახვს პარკოსნების და კომბოსტოს მეზობლობა.
ნიორი კარგი მეზობელია პომიდვრის, ჭარხლის, სტაფილოს, კიტრის და მარწყვისთვის. ნივრის ფიტონციდები აფრთხობს მავნებლებს და ბუნებრივ სადეზინფექციო საშუალებას წარმოადგენს ამ კულტურებისთვის. ნიორს ხახვის მსგავსად არ მოსწონს პარკოსნების და კომბოსტოს მეზობლად ყოფნა.
ლობიო თავს კარგად გრძნობს ბოლოკის, პომიდვრის, ნიახურის, სიმინდის, კიტრის, კარტოფილის, ჭარხლის, კომბოსტოს, ისპანახის, სალათის, გოგრის გვერდით. არ არის სასურველი მეზობლად ხახვის, ნივრის, პირშუშხას და ცერეცოს დათესვა.
სალათი თავისუფლად შეგიძლიათ დათესოთ პომიდვრის, კიტრის, ლობიოს, ისპანახის, მარწყვის, ბარდას, კომბოსტოს, ბოლოკის, თალგამის, ხახვის და მწვანე ხახვის გვერდით. ხახვი ჩრჩილს აფრთხობს და სალათს განვითარებისთვის სასურველ პირობებს უქმნის. არ არის სასურველი სალათის გვერდით ჭარხლის, სტაფილოს და ისეთი დიდფოთლიანი მცენარეების დათესვა, რომლებიც დაჩრდილავენ სალათს.