„ვებსკოლა“ – ახალი პროექტი ქართველი აბიტურიენტებისთვის

აბიტურიენტები ვებინარებზე დასწრებით ონლაინ–რეჟიმში შეძლებენ ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებას.
Sputnik

თბილისი, 4 მაისი — Sputnik. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აბიტურიენტებისთვის ახალ პროექტს „ვებსკოლას“ იწყებს, ნათქვამია უწყების Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

სკოლებში სწავლა სექტემბრამდე არ განახლდება

პროექტი აბიტურიენტებს მიღებული ცოდნის განმტკიცებისა და ახალი ცოდნის შეძენის შესაძლებლობას მისცემს. პროექტის ფარგლებში პრაქტიკოსი მასწავლებლები აბიტურიენტებისთვის ჩაატარებენ ვებინარებს, რომლებიც ონლაინ–პლატფორმა el.ge-ზე აიტვირთება. ვებინარების განრიგი ყოველკვირეულად განახლდება და ეტაპობრივად ყველა საგანს მოიცავს.

ახალი პროექტი 4 მაისიდან დაიწყება და 4 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. ვებინარებზე დარეგისტრირება 2 მაისიდან დაიწყო.

„თითოეული აუდიოჩანაწერი შეინახება და ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომი იქნება. გარდა ამისა, მოსწავლეებს საშუალება ექნებათ, ღიად დააფიქსირონ საკუთარი მოსაზრებები, შეკითხვები, სურვილები და შენიშვნები, რაც გათვალისწინებული იქნება შემდგომი ვებინარების დაგეგმვისას“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

უწყებაში აცხადებენ, რომ პანდემიის პირობებში დისტანციური სწავლებისა და „ტელესკოლის“ დანერგვის შემდეგ „ვებსკოლა“ აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებისთვის მომზადებაში დაეხმარება.

წელს ეროვნულ გამოცდებზე 39 ათასზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა.

კორონავირუსის პანდემიის გამო და აბიტურიენტების ინტერესების გათვალისწინებით განათლების სამინისტრომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის ვადა 30 აპრილამდე გააგრძელა.

ერთიანი ეროვნული გამოცდების გადავადების საკითხი ამ ეტაპზე არ დგას. ყოველწლიური გამოცდები ივლისში ტარდება, ზუსტი განრიგი კი ივნისში გახდება ცნობილი. განათლების სამინისტრო და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოცდების უსაფრთხო ჩატარების გეგმაზე მუშაობენ და ამ მიზნით ეპიდემიოლოგებთან და ექიმებთან მუდმივ კონსულტაციას გადიან. სწორედ მათთან შეთანხმებით  განისაზღვრება გამოცდების ჩატარების ზუსტი ვადები.