თბილისი, 4 მაისი — Sputnik. ეკონომიკური აღორძინება, ეკონომიკის გახსნა და პოსტკრიზისული მართვა საქართველოს მთავრობის მთავარი პრიორიტეტია, განაცხადა მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერმა გიორგი გახარიამ.
საქართველოს მთავრობამ შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა 27 აპრილიდან დაიწყო. ეკონომიკური აქტივობის აღსადგენად ქვეყანაში ყველა კომპანიამ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების დაცვაზე შემოწმება უნდა გაიაროს.
„ეკონომიკური აღორძინება, ეკონომიკის გახსნა და პოსტკრიზისული მართვა დღეს მთავრობისთვის ნომერი პირველი პრიორიტეტია. მაგრამ ასეთი შესაძლებლობა ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში გვექნება, თუ ჯანდაცვის სამინისტრო ეფექტურად განახორციელებს ეპიდემიის მართვას. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა გახარიამ.
პრემიერის სიტყვებით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის თითოეული მოქალაქე გაგებით მოეკიდოს ახალ ვითარებას, რომელიც სოციალური დისტანციის დაცვასთან და პირბადეების ტარებასთან არის დაკავშირებული.
„ეს ჩვენი ცხოვრების ნაწილი ხდება. ამას ხაზგასმით ვიმეორებ, იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი გზა და საშუალება იმისთვის, რათა ჩვენ ეკონომიკურ კონკურენციას გავუძლოთ და ვიყოთ ეფექტურები ეკონომიკური აღდგენის ნაწილში“, – განაცხადა გახარიამ.
მალე ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის დახმარების გეგმა ცნობილი გახდება
პანდემიის შედეგად საქართველოში ტურისტული სფერო ყველაზე მეტად დაზარალდა. 2020 წლის მარტში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შემოსავალი 70%-ით შემცირდა.
გახარიამ აღნიშნა, რომ უახლოეს დღეებში მთავრობა განიხილავს და საზოგადოებას წარუდგენს ტურიზმის სექტორის აღდგენის სტრატეგიულ გეგმას, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ შეიმუშავა. დახმარების პროგრამა მოიცავს როგორც ანტიკრიზისულ ზომებს, ისე სტიმულირების ინსტრუმენტებს.
დღეისათვის საქართველოს ხელისუფლებამ კომპანიებს, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია ტურიზმთან - სასტუმრო და სარესტორნო სფეროს, ტურისტულ სააგენტოებს, სატრანსპორტო კომპანიებს, საექსკურსიო კომპანიებს და ა.შ. 1 ნოემბრამდე საშემოსავლო გადასახადი და ოთხი თვით ქონების გადასახადი გადაუვადა. ეს შეეხო 18 ათას კომპანიას, რომლებიც საქართველოში ოპერირებენ.
გარდა ამისა, თბილისში რიგი კომპანიები ერთი წლით გათავისუფლდნენ მიწის იჯარის გადასახადისგან.
ასევე უახლოეს დღეებში საზოგადოებას სოფლის მეურნეობის სამინისტროს გეგმას გააცნობენ, რომელიც ფერმერების დახმარებას ითვალისწინებს. გახარიას სიტყვებით, სოფლების აღორძინება და ფერმერების მხარდაჭერა დღეისთვის ახალ მნიშვნელობას იძენს.
ადრე მთავრობამ სოფლის მეურნეობის 50 მლნ ლარის ოდენობით დაფინანსების შესახებ განაცხადა. კერძოდ, აღნიშნული თანხა მოხმარდება ერთ ბენეფიციარზე გაცემული გრანტის ოდენობის 30 ათას ლარამდე გაზრდას.
მთავრობის გეგმის თანახმად, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაში ეკონომიკური ზარალის შესამცირებლად ფერმერებსა და მეწარმეებს შესაძლებლობა ეძლევათ, სახელმწიფოს მხრიდან მნიშვნელოვანი დახმარება მიიღონ.