COVID-19 - ბოლო ცნობები

კახეთში ექიმთან კონტაქტში მყოფ პირებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ

კახეთის სასწრაფო დახმარების სამსახურის 50 წლის ექიმს, რომელსაც კორონავირუსი გამოუვლინდა, 147 ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი.
Sputnik

თბილისი, 4 მაისი — Sputnik. ყვარელში სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ექიმთან კონტაქტში მყოფ არც ერთ ადამიანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. 

კახეთში ინფიცირებული ექიმის ოჯახის წევრებს, პაციენტებსა და კოლეგებს ვირუსი არ დაუდასტურდათ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის სიტყვებით, გუშინ მიღებული 40-მდე ნიმუშის ლაბორატორიული პასუხი უარყოფითია. მთლიანობაში, 50 წლის ქალს, რომელსაც კორონავირუსი გამოუვლინდა, 147 ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი. მათგან 102 უკვე გამოკვლეულია. გამოკვლეულ პირთა შორის 67 მედპერსონალია. ვირუსი არც ერთ მათგანს არ დაუდასტურდა.

ამასთან, ყვარლის კიდევ 45 მცხოვრებს დღის განმავლობაში ბიოლოგიურ ნიმუშებს აუღებენ და ლაბორატორიაში გაგზავნიან.

ამ დრომდე არ არის გარკვეული სასწრაფო დახმარების ექიმის ინფიცირების წყარო.

გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ თბილისის ერთ-ერთი საავადმყოფოს მედდა, რომელსაც კორონავირუსი გამოუვლინდა, 27 აპრილს მეუღლესთან ერთად სტუმრად იმყოფებოდა სიღნაღის რაიონის სოფელ ნუკრიანში, რის შემდეგაც იგი დედაქალაქში დაბრუნდა.

მედდის მეუღლემ სამი მეზობელი მოინახულა. ამ დროისთვის ისინი თვითიზოლაციაში, ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. მათ ბიოლოგიურ მასალას დღეს აუღებენ და ლაბორატორიაში გაგზავნიან.

კახეთის რეგიონის ათ საკარანტინო სივრცეში 459 ადამიანი იმყოფება, თვითიზოლაციაში კი 36 პირია.

ამ შემთხვევამდე კახეთი „მწვანე ზონად“ რჩებოდა, სადაც კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ იყო დაფიქსირებული.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში სამედიცინო პერსონალიდან კორონავირუსი 80-ს აქვს დადასტურებული.