COVID-19 - ბოლო ცნობები

სიტუაცია თბილისის კლინიკებში - კორონავირუსი ორსულს დაუდგინდა

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანილ შვიდ ახალშობილს ჩაუტარდა ტესტი, კორონავირუსი არცერთს არ დაუდგინდა
Sputnik

თბილისი, 3 მაისი - Sputnik. პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში საეჭვო სიმპტომებით ორი ორსული შეიყვანეს, ერთ-ერთს კორონავირუსი დაუდასტურდა, განაცხადა კლინიკის გენერალურმა დირექტორმა ლევან რატიანმა.

დღეისათვის კოვიდინფიცირებულებს თბილისში ოთხი კლინიკა იღებს: ინფექციური საავადმყოფო, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა, ბოჭორიშვილის კლინიკა და რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო. ოთხივე დაწესებულება ყოველდღიურად COVID-19-ის მქონე პაციენტების მდგომარეობის შესახებ ანგარიშს აბარებს. თბილისში ასევე მოქმედებს ცხელების ცენტრი, რომლის ფუნქციას თბილისის ზღვის ჰოსპიტალი ასრულებს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 589-მდე გაიზარდა

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ დროისთვის სულ 91 პაციენტი იმყოფება, აქედან 70 კორონავირუსით ინფიცირებულია. რეანიმაციულ განყოფილებაში სულ რვა პაციენტია მოთავსებული, აქედან ერთი კრიტიკულ მდგომარეობაშია, ოთხი ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე.

კლინიკაში გადაყვანილი პაციენტებიდან კორონავირუსი ერთ ორსულთანაც დადასტურდა.

„გუშინ გადმოყვანილი იქნა ორი ორსული ქალბატონი, საჭვო შემთხვევა ერთთან დადასტურდა და ერთთან ველოდებით პასუხს, აღებულია ნაცხი. ასევე გადმოყვანილია ახალშობილი საეჭვო შემთხვევა, გაგზავნილი გვაქვს ლუგარში ტესტი, ველოდებით პასუხებს. გუშინ ჩატარებული ახალშობილთა ტესტირების შედეგად, შვიდ მათგანთან ჩატარდა „პისიარი“, არც ერთთან კოვიდინფიცირება არ დასტურდება“, - განაცხადა რატიანმა.

გარდა ამისა, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის შვიდი პაციენტი გამოჯანმრთელდა და გაეწერა კლინიკიდან.

რაც შეეხება თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს, იქ კორონავირუსით ინფიცირებული 55 პაციენტი იმყოფება, აქედან 13 შაბათს შეიყვანეს, განაცხადა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიას თქმით, ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა და გაეწერა კლინიკიდან.

„საქართველო პიკზეა“ - ამირან გამყრელიძე სიფრთხილისკენ მოუწოდებს

„57 პაციენტი გვყავდა გუშინ, დღეს დილას გაეწერა ორი გამოჯანმრთელებული პაციენტი და დატოვეს კლინიკა. ამ ეტაპზე გვყავს 55 დადასტურებული შემთხვევა. გუშინ ჩვენთან შემოვიდა 13 ახალი პაციენტი. ორი დღის განმავლობაში ერთად 17 პაციენტი დაგვემატა. აქედან ერთი პაციენტის მდგომარეობა არის კრიტიკული. არის ძალიან მძიმე პნევმონიით და ჟანგბად დამოკიდებულია. სიმძიმეა იმაშიც, რომ არის ხანდაზმული ასაკის, აქვს თან არსებული დაავადება შაქრიანი დიაბეტი და მძიმე ჰიპერტონიული დაავადება“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, ამ ეტაპზე მათ კლინიკაში მძიმე პნევმონიით შვიდი პაციენტი იმყოფება.

რაც შეეხება ახალ პაციენტებს, როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, ინფიცირების წყარო ყველა შემთხვევაში ცნობილია.

„თუ არ ვცდები, ყველა არის ძირითადად ბოლნისი, თეთრიწყაროდან. ყოველ შემთხვევაში, ჩვენთან აქედან არიან“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება 45 კოვიდინფიცირებული პაციენტი, კლინიკას დღეს 5 გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს, განაცხადა  საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ.

„დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის და დამაკმაყოფილებელი. ამ ეტაპზე კოვიდინფიცირებული მძიმე პაციენტი არ გვყავს, თუმცა გვყავს პნევმონიანი პაციენტები“, - განაცხადა გოფოძემ.

გამყრელიძე: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა 12.7% სამედიცინო პერსონალია

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 69 პაციენტი მკურნალობს. მათთან ორი ახალი პაციენტი გუშინ შეიყვანეს – ერთი კახეთიდან გადმოყვანილი დაინფიცირებული ექიმი, მეორე ერთ-ერთი კლინიკის სამედიცინო პერსონალის შვილი.

კლინიკა გუშინ სამმა გამოჯანმრთელებულმა პირმა დატოვა, მათ შორის ერთი მოზარდია.

თბილისის ზღვის ჰოსპიტლის კლინიკური ხელმძღვანელის, კახა ბეროზაშვილის განცხადებით, მათ კლინიკაში ამ დროისთვის 53 პაციენტია მოთავსებული, აქედან მიღებულია 31 პაციენტის პასუხი, რომელიც კორონავირუსზე არის უარყოფითი. პაციენტების უმრავლესობა საშუალო სიმძიმისაა.

ვინ არის საქართველოში გარდაცვლილი მერვე პაციენტი >>

„პაციენტების უმეტესობა არის საშუალო სიმძიმის და მსუბუქი ფორმის. რამდენიმე პაციენტია რეანიმაციულ განყოფილებაში. ორი პაციენტია მართვით სუნთქვაზე, ესეც განპირობებულია თანმხლები დაავადების გართულებებით. უმეტესი პაციენტების ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია“,- განაცხადა კახა ბეროზაშვილმა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ამ დროისათვის, ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა 589-ს აღწევს. აქედან გამოჯანმრთელდა 215 ადამიანი, რვა პაციენტი გარდაიცვალა.