საქართველოში დათბება? - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

საქართველოს მთელს ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში მოსალოდნელია ცვალებადი ამინდი, სინოპტიკოსები ვარაუდობენ წვიმას ელჭექით
Sputnik

თბილისი, 2 მაისი - Sputnik. ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე 2 მაისიდან მოსალოდნელია თბილი, მაგრამ ცვალებადი ამინდი, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

„2-5 მაისს საქართველოში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +21, +26 გრადუსი იქნება“, - ნათქვამია განცხადებაში.

წვიმა და ელჭექი: საქართველოში არასტაბილური ამინდი შენარჩუნდება

როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში ქარი წამში 10-15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.

ყაზბეგში უახლოეს დღეებში მოსალოდნელია უმეტესად მოღრუბლული ამინდი, ხანმოკლე წვიმები და ელჭექი - ღამით პლუს 3-5, დღისით კი 12-16 გრადუსი სითბო იქნება.

მესტიაში შაბათს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი - ჰაერის ტემპერატურა ღამით იქნება პლუს 5, დღისით - 15 გრადუსი. კვირას გამოიდარებს და 20 გრადუსამდე გათბება.

ანალოგიური ამინდი იქნება ბათუმშიც - უქმეებზე ღამით იქნება პლუს 12-13, დღისით კი ტემპერატურა 22 გრადუსამდე აიწევს.

თბილისში 2-5 მაისს მოსალოდნელია თბილი, მაგრამ ცვალებადი ამინდი - პლუს 22-25 გრადუსი, სინოპტიკოსები დედაქალაქში ხანმოკლე წვიმას ელჭექით ვარაუდობენ.