თბილისი, 2 მაისი - Sputnik. ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში დაინფიცირებული ათივე პირი კლინიკაში გადაჰყავთ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
გუშინ ბოლნისში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან ათი სოფელ მუშევანში დაფიქსირდა. გავრცელებული ინფორმაციით, ინფიცირებული პირები ერთი ოჯახის წევრები არიან. კლინიკაში მათ გადასაყვანად გუშინ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები, სამართალდამცველები და სოფლის რწმუნებული მივიდნენ, ოჯახის ახლობლებმა კი წინააღმდეგობა გაუწიეს. ისინი დაუპირისპირდნენ როგორც ექიმებს, ისე პოლიციელებს და მერის წარმომადგენელს.
ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატის, გოგი მეშველიანის განცხადებით, დღეს ინფიცირებული პირების ოჯახის წევრებთან თითქმის ერთსაათიანი მოლაპარაკება გაიმართა და შეთანხმდნენ, რომ ინფიცირებულებს კლინიკებში გადაიყვანენ.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა უკვე დატოვეს სოფელი მუშევანი, საიდანაც ინფიცირებული პირები გადაიყვანეს.
„გუშინდელი ინციდენტი ამოწურულია, ათივე ინფიცირებული პირის გამოყვანა მოხერხდა. პროტესტის მიზეზი ძირითადად გახლავთ ის, რომ ამ ადამიანებს პრაქტიკულად არც ერთს არ ჰქონდა სიმპტომი, თავს არ მიიჩნევენ დაავადებულად. მათ ქონდათ გარკვეული პროტესტი სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანაზე“, - განაცხადა მეშველიანმა.
მისი განცხადებით, ადგილობრივი საზოგადოების გარკვეული ნაწილი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იყო და მათი პროტესტი სიტყვიერ შეურაცხყოფასა და გარკვეულ აგრესიულ ქმედებებში გამოიხატა.
„დღეს ჩვენ ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან და სამართალდამცველებთან ერთად ვესტუმრეთ ამ ოჯახებს ავუხსენით დეტალური ვითარება. ისინი დაგვთანხმდნენ სამკურნალოდ მათ გადაყვანაზე. ეპიდემიოლოგები და მედიკოსები გააგრძელებენ მუშაობას, ამ ადამიანების ყველა კონტაქტი უკვე ცნობილი და გამოკვლეულია, ტესტირებები ამ სოფლებში გაგრძელდება“, – აღნიშნა ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლით არის აღძრული, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
სოფელ მუშევანში ზომები 25 აპრილის შემდეგ გამკაცრდა, რაც კორონავირუსის დადასტურებული რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა. ინფექციის გავრცელება რომ არ მომხდარიყო, ამ სოფელთან ერთად იმავე დღეს ზომები გამკაცრდა სოფელ ხატისოფლეში და ვანათში, სადაც ასევე კორონავირუსის რამდენიმე შემთხვევა დადგინდა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა 582 ადამიანს, გამოჯანმრთელდა 207. კარანტინში იმყოფება 5 152, სტაციონარებში მედიკოსების დაკვირვების ქვეშ – 551. გარდაიცვალა 8 პაციენტი.