COVID-19 - ბოლო ცნობები

COVID-19-ის პირველი შემთხვევა კახეთში: ჩაიკეტება თუ არა ყვარლის მუნიციპალიტეტი

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსი საქართველოში 582 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 207 უკვე გამოჯანმრთელდა.
Sputnik

თბილისი, 2 მაისი - Sputnik. ჩაიკეტება თუ არა ყვარლის მუნიციპალიტეტი, ან რა დამატებითი რეგულაციები გახდება საჭირო, მოგვიანებით, ე.წ. სწრაფი ტესტების პასუხების შემდეგ გახდება ცნობილი, განაცხადა კახეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

დღეს კახეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა. კახეთიდან გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში 325 პირის ნიმუში გააგზავნეს და კორონავირუსი მხოლოდ ერთს აღმოაჩნდა. Covid-19 ყვარლის სასწრაფო დახმარების ექიმს დაუდასტურდა.

„ადგილობრივი შტაბი დილიდან შეკრებილია, ეპიდემიოლოგები კი მუშაობენ ყველა კონტაქტის დადგენაზე. ინფიცირებული ქალბატონი „ევექსში“ იყო ექიმი. მოძიებულია ოჯახის წევრების კონტაქტებიც. დავიწყებთ ყველა მოძიებული კონტაქტის სწრაფი ტესტებით გამოკვლევას. დაზუსტებით რთულია თქმა, ვინ არის წყარო“, - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.
გამყრელიძე: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა 12.7% სამედიცინო პერსონალია

მისი თქმით, ამ შემთხვევის გამო რისკ-ჯგუფში მყოფი ყველა ადამიანი კარანტინში გადავა.

„მზად გვაქვს უკვე კარანტინის სივრცე, მკაცრი თვითიზოლაცია იქნება. ჯერჯერობით ქალაქის ან რომელიმე სეგმენტის ჩაკეტვაზე საუბარი არ არის“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ინფიცირებული ქალის თანამშრომლებს, სასწრაფო-დახმარების განყოფილების პერსონალს უკვე ჩაუტარდა ტესტი და ყველა უარყოფითია. ასევე დღეს კლინიკა „ევექსის“ კონტაქტებსა და ინფიცირებულის ოჯახის ოთხ წევრის ნიმუშებს გაგზავნიან ლუგარის ლაბორატორიაში.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ახალი კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ლაგოდეხის ე.წ. ცხელების ცენტრში მამაკაცი მოათავსეს. ის რუსთავში Covid-19 -ით ინფიცირებული ახალგაზრდა მამაკაცის მამაა. ოჯახი წარმოშობით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტიდან არის. მამაკაცი ე.წ. ცხელების ცენტრში გადაყვანამდე მშობლიურ სოფელ ქვემო გურგენიანში იმყოფებოდა.

კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვებისა და აკრძალვების სრული ჩამონათვალი 30 აპრილისთვის >>

ამ დროისთვის სოფელ ქვემო გურგენიანში COVID-19-ით ინფიცირებული ახალგაზრდის ოჯახის 15-მდე კონტაქტია მოძიებული, ისინი თვითიზოლაციაში გადავიდნენ.

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი, მერვე პაციენტი გარდაიცვალა. ბოლო მონაცემებით, Covid-19  საქართველოში 582 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 207 უკვე გამოჯანმრთელდა.