COVID-19 - ბოლო ცნობები

პანდემიის პერიოდში საზღვარგარეთიდან სამშობლოში 9 ათასამდე თანამემამულე დაბრუნდა

მსოფლიოში COVID-19-ის საშიში ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო უწყება, საზღვარგარეთ დიპლომატიურ მისიებთან კოორდინაციაში, ქვეყნის მოქალაქეებს აქტიურად ეხმარება.
Sputnik

თბილისი, 1 მაისი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალისხმევით კორონავირუსის პანდემიის გამოცხადების შემდეგ უცხოეთიდან სამშობლოში 8 954 თანამემამულე დაბრუნდა, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.  

რაც შეეხება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, 1 მაისის მონაცემებით, საელჩოებმა დახმარება 18 033 თანამემამულეს აღმოუჩინეს.

მსოფლიოში საშიში ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო უწყება, უცხოეთში დიპლომატიურ მისიებთან კოორდინირებულად, აქტიურად ეხმარება ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოს საზღვრებს გარეთ იმყოფებიან. მათ, საჭიროებისამებრ, უზრუნველყოფენ საცხოვრებლით, საკვებითა და მედიკამენტებით, ასევე ეხმარებიან სამშობლოში დაბრუნებაში.  

ავსტრიიდან სამშობლოში ასამდე მოქალაქე დაბრუნდება

„როგორც ცნობილია, მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების ეფექტიანი ორგანიზების და მათი ადგილზე დახმარების მიზნით მოქალაქემ უნდა შეავსოს ელექტრონული ფორმით სპეციალური განაცხადი, რომელიც გამოქვეყნებულია სამინისტროს ვებ-გვერდსა და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ვებ-გვერდებზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო კორონავირუსის პანდემიის პირობებში უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის გაწეული დახმარების შესახებ ინფორმაციას ყოველდღიურად აქვეყნებს. აღნიშნული მონაცემები ორი სახის ინფორმაციას შეიცავს: სამშობლოში დაბრუნებამდე უცხოეთში მყოფ მოქალაქეებზე ზრუნვა და მათი ეტაპობრივი დაბრუნების სტატისტიკა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, უახლოეს მომავალში დაგეგმილია რამდენიმე სპეცრეისი: 2 მაისი – პრაღა–თბილისი, 5 მაისი – ათენი–თბილისი, 7 მაისი – ამსტერდამი–თბილისი, 9 მაისი – ბერლინი–თბილისი.

რეისებს ქართული ავიაკომპანია Georgian Airways შეასრულებს. ბილეთის ფასია 199 ევრო.

თითოეული დაბრუნებული მოქალაქე სპეციალურ ზონებში მედიკოსების დაკვირვებით სავალდებულო ორკვირიან კარანტინს გაივლის.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ უცხოელი ტურისტებისთვის საზღვრები სრულად ჩაკეტა, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, და საჰაერო მიმოსვლა ყველა მიმართულებით შეწყვიტა. 21 მარტიდან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. ამ დროისათვის ინფიცირებულთა რაოდენობამ 566-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 184, გარდაიცვალა 6 პაციენტი.