თბილისის წიგნის ფესტივალი ვირტუალურ სივრცეში გაიმართება

წიგნების ვირტუალური გამოფენა-გაყიდვისა და პროგრამის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას ფესტივალის ორგანიზატორები მოგვიანებით გამოაქვეყნებენ.
Sputnik

თბილისი, 1 მაისი – Sputnik. კორონავირუსის პანდემიის გამო თბილისის საერთაშორისო წიგნის ფესტივალი (Tbilisi International Book Fair) წელს 30-31 მაისს ვირტუალურ ფორმატში გაიმართება, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს“ ორგანიზატორებმა.

ღონისძიება, ტრადიციულად, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართება. ადრე ფესტივალი Expo Georgia-ს საგამოფენო სივრცეში ტარდებოდა. 

„ვერთერი“ ონლაინ: თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი ვირტუალურ სპექტაკლზე გეპატიჟებათ

„ამ მოვლენას ყოველწლიურად ათობით ათასი მკითხველი სულმოუთქმელად ელოდება. თუმცა წელს მსოფლიო პანდემიამ ფესტივალის გამართვის თაობაზე ასოციაციის გეგმება შეცვალა. არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, წიგნის ფესტივალი ტრადიციულ დროს, თუმცა ამჯერად ონლაინ-სივრცეში გაიმართება“, – აცხადებენ ორგანიზატორები.

წიგნების ვირტუალური გამოფენა-გაყიდვისა და პროგრამის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას ორგანიზატორები მოგვიანებით გამოაქვეყნებენ. ღონისძიება ფესტივალის ოფიციალურ Facebook-გვერდზე გაიმართება.

ამასთან ერთად, ფესტივალის ორგანიზატორები პირობას დებენ, რომ თბილისის წიგნის 22-ე საერთაშორისო ფესტივალი შემოდგომაზე, 24-27 სექტემბერს გაიმართება, ღონისძიების ჩატარების ადგილიც უცვლელი იქნება – Expo Georgia. მათი სიტყვებით, ასოციაციამ პარტნიორებთან, სპონსორებთან და ფესტივალის მონაწილეებთან შეთანხმებას უკვე მიაღწია.

ფესტივალის მიზანი 1997 წლიდან უცვლელია – საქართველოში კითხვის პოპულარიზაცია და საგამომცემლო სექტორის განვითარება. ტრადიციისამებრ, ფესტივალის ყოველწლიური მონაწილეები არიან ქართული და უცხოური გამომცემლები, უნივერსიტეტები, სკოლები, წიგნის მაღაზიები, ბიბლიოთეკები, საელჩოები, არასამთავრობო, სამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები.

ფესტივალის ძირითადი ნაწილი წიგნის ბაზრობაა, რომელზეც დამთვალიერებელს წიგნების ფართო ასორტიმენტი და აქსესუარები ელოდება მნიშვნელოვანი ფასდაკლებით.