COVID-19 - ბოლო ცნობები

აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან სამშობლოში ასზე მეტი მოქალაქე დააბრუნეს 

2020 წლის 30 აპრილის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა 17,627 მოქალაქეს დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს. 
Sputnik

თბილისი, 30 აპრილი – Sputnik. აზერბაიჯანსა და თურქეთში საქართველოს საელჩოების ძალისხმევით, საქართველოს 100-ზე მეტი მოქალაქე, მათ შორის მეზღვაურები სამშობლოში დაბრუნდნენ, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

აზერბაიჯანში საქართველოს საელჩომ 29 აპრილს ორგანიზება გაუწია საქართველოს 75 მოქალაქის სამშობლოში ტრანსპორტირებას სახმელეთო გზით.

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ აზერბაიჯანში 1800-ს გადააჭარბა

ხოლო 24 აპრილს, საელჩომ ასევე უზრუნველყო აზერბაიჯანის  ტერიტორიაზე მყოფი, საქართველოს 35 მოქალაქის სამშობლოში სახმელეთო გზით ჩამოყვანა.

საგარეო უწყების გვერდზე ასევე აღნიშნულია, რომ 27 აპრილს, აზერბაიჯანში საქართველოს ელჩმა ზურაბ პატარაძემ და კონსულმა ნათია წერეთელმა  მოინახულეს ბაქოში მყოფი საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახები, აგრეთვე შშმ პირები, გაეცნენ მათ საყოფაცხოვრებო პირობებს. ამასთან, საქართველოს მოქალაქეებს ჰუმანიტარული დახმარების სახით გადაეცათ საკვები პროდუქტების ამანათები, პირველადი მოხმარების საგნები, სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებები და ქართული წარმოების პირბადეები.

30 აპრილს, თურქეთში საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებული ავტობუსით, ანტალიიდან სტუდენტები და იქ მომუშავე ახალგაზრდები სამშობლოში გამოემგზავრნენ.

გარდა ამისა, საქართველოს საელჩოს ძალისხმევით 28 აპრილს, რამდენიმე კვირიანი მოლაპარაკებების შედეგად და არსებული აკრძალვების მიუხედავად, შესაძლებელი გახდა 5 ქართველი მეზღვაურის თურქეთის ტერიტორიაზე შემოყვანა და ქალაქ იალოვადან სამშობლოში გამომგზავრება.

თურქეთი საქართველოს COVID-19-ის გავრცელების რისკის შემცირებაში ეხმარება

„აღსანიშნავია, რომ თურქეთში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მიღებული რეგულაციების ფარგლებში, უცხოელ მეზღვაურებს ეკრძალებათ თურქეთის ტერიტორიაზე შემოსვლა. ამის მიუხედავად, ანკარაში საქართველოს საელჩოს მიმართვის საფუძველზე, თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა გამონაკლისის სახით მიიღო დადებითი გადაწყვეტილება, ქართველი მეზღვაურების თურქეთის ტერიტორიაზე შემოსვლასთან დაკავშირებით“, - წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდზე.

უწყების ცნობით, ამ პროცესში ასევე ჩართული იყო თურქეთის საგარეო საქმეთა და ჯანმრთელობის სამინისტროები.

2020 წლის 30 აპრილის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 17,627 მოქალაქეს, ხოლო საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი რეისებით, სახმელეთო და საზღვაო გზებით, სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნდა 8,728 მოქალაქე.