ცოლის მკვლელობისთვის პატიმრობა 20 წლით – რუსთავის სასამართლომ განაჩენი გამოიტანა

მამაკაცმა მეუღლე არასრულწლოვანი შვილისა და ცოლისდის თვალწინ სასიკვდილოდ დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
Sputnik

თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. რუსთავის რაიონულმა სასამართლომ მეუღლის განსაკუთრებული  სისასტიკით განზრახ მკვლელობისთვის მამაკაცს 20 წლით პატიმრობა შეუფარდა, იუწყება საქართველოს მთავარი პროკურატურა. 

ყოფილი მეუღლის მკვლელობისთვის მამაკაცს 20 წლით პატიმრობა მიესაჯა

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2020 წლის 15 თებერვალს სოფელ ყარაჯალაში საკუთარი არასრულწლოვანი შვილის და ცოლისდის თანდასწრებით ეჭვიანობის ნიადაგზე მეუღლეს დანით რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. მან ასევე დაჭრა ცოლისდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მამაკაცი პოლიციამ სოფელ გაჩიანში დანაშაულიდან მეორე დღეს დააკავა.

ქვემო ქართლის რაიონულმა პროკურატურამ მას ბრალი რამდენიმე მუხლით წაუყენა – ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით, ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება.

სასამართლომ მამაკაცი დამნაშავედ ცნო და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.