COVID-19 - ბოლო ცნობები

„ჯარი უხილავი მტრის წინააღმდეგ“ – თავდაცვის ძალებისადმი მიძღვნილი ვირტუალური გამოფენა

30 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების დღეა – დღეს ქართული არმია დაარსებიდან 29-ე წლისთავს აღნიშნავს.
Sputnik

თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ქართული ჯარის დღესთან დაკავშირებით მოაწყვეს ვირტუალური გამოფენა „ჯარი უხილავი მტრის წინააღმდეგ“.

ფოტოგამოფენა კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში ქართველი სამხედროების წვლილს ასახავს.

საქართველოს შეიარაღებული ძალები სხვა უწყებებთან თანამშრომლობით პირველივე დღიდან ჩართულია პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით გატარებულ ძირითად ღონისძიებებში, რაც ითვალისწინებს კორონავირუსის ეპიდემიის პერიოდში საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფას. მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე საკარანტინო პირობების შესრულებას 24-საათიან რეჟიმში თავდაცვის ძალები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად აკონტროლებს. 

ასი ათასობით შემოწმება: როგორ ებრძვიან ქართველი სამხედროები კორონავირუსს

„30 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების დღეა. დღეს ქართული არმია დაარსებიდან 29-ე წლისთავს აღნიშნავს. 1990 წლის დეკემბერში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილებით ეროვნული გვარდია შეიქმნა. 1991 წლის 24 აპრილს საქართველოს მინისტრთა კაბინეტმა განკარგულება გამოსცა, რომელიც წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას ეხებოდა. 30 აპრილს არმიაში გაწვევა ოფიციალურად დაიწყო. სწორედ ამ დღიდან იწყება თანამედროვე ქართული ჯარის ისტორიის ათვლა“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

სამხედროები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, საკარანტინო ზონებში მოწყობილ 75 ბლოკპოსტზე ტრანსპორტის გადაადგილებას აკონტროლებენ. სამხედროები მოქალაქეების თერმოსკრინინგს და ავტომობილების დეზინფექციას ახორციელებენ.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ქართველ სამხედროებს კრიზისულ სიტუაციებში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვთ, ისინი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად უმაღლეს დონეზე არიან მომზადებული.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 30 აპრილის მონაცემებით, ინფიცირებულთა რაოდენობამ 539-ს მიაღწია, კორონავირუსის დიაგნოზით საქართველოს სამი მოქალაქე თურქეთიდან და სომხეთიდან გადმოიყვანეს, გამოჯანმრთელდა 178 ადამიანი, გარდაიცვალა 6. კარანტინში იმყოფება 5 256 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 548 პაციენტია.