COVID-19 - ბოლო ცნობები

აქტივისტები საზოგადოებას უპატრონო ძაღლების დახმარებისკენ მოუწოდებენ

პანდემიის პირობებში არა მხოლოდ ადამიანებს, არამედ უსახლკარო ცხოველებსაც უჭირთ - მათ არავინ კვებავს, რადგან ქალაქების ქუჩები თითქმის ცარიელია
Sputnik

თბილისი, 29 აპრილი - Sputnik. ცხოველების დამცველმა ქართველმა აქტივისტებმა შექმნეს ვებგვერდი, რომლის მეშვეობითაც ყველა მსურველს შეუძლია უპატრონო ძაღლებისა და კატების გადარჩენაში წვლილი შეიტანოს.

კორონავირუსი VS შინაური ცხოველები: როგორ ტოვებენ შინაურ ცხოველებს ქუჩაში ბედის ანაბარა >>

აქტივისტებმა მოსახლეობას დახმარების თხოვნით მიმართეს, მაგრამ მანამდე წანამძღვარი გამოაქვეყნეს და დაწერეს, რომ „ადამიანმა ძაღლი 15 000 წლის წინ მოიშინაურა, ამ დროიდან მოყოლებული ჩვენ ერთად მოვდივართ და უამრავი სიძნელე დაგვიძლევია მეგობრობით. ერთად მივაპობდით ციმბირის თუ ალასკის აუთვისებელ, თოვლით დაფარულ სივრცეებს. მიგვქონდა ფოსტა, მათთვის, ვისთვისაც წერილი იმედის ბოლო სხივი იყო. ვეხმარებოდით ბრძოლის ველზე დაჭრილ და დასახიჩრებულ ჯარისკაცებს. ჩვენ ვიყავით სიბნელეში და სიცივეში გზის გამკვალავი და წინ მივუძღოდით უსინათლოებს...“

ქუთაისში რიონში ჩავარდნილი ძაღლი გადაარჩინეს - ემოციური ვიდეო

„ახლა ჩვენს მეგობრებს, ძაღლებს თუ კატებს, ჩვენი დახმარება სჭირდებათ. ვინც ათასწლეულების განმავლობაში იყო ჩვენი იმედი და საიმედო დასაყრდენი, შექმნილი ვითარების გამო საკვების გარეშე დარჩა. სამუშაო და სავაჭრო სივრცეები, სადაც მათი მეგობრები მუშაობდნენ, ახლა ცარიელია, ამიტომ აღარავინ ჰყავთ, ვინც მათზე იზრუნებს და სიცოცხლისთვის აუცილებელ საკვებს თუ წყალს გაუზიარებს. ადამიანებმა დატოვეს ქუჩები, მაგრამ ქუჩებთან ერთად მოგვიხდა ცხოველების მიტოვებაც“.

ყველას, ვისაც დახმარების სურვილი გაუჩნდება, შეუძლია თანხის გადარიცხვა მათი გადარჩენის ფონდში.

როგორც https://www.mymarket.ge/ka/pets ვებგვერდზეა აღნიშნული, აქტივისტებმა უკვე 1000 ლარი შეაგროვეს.

საქართველოს დედაქალაქში უსახლკარო ცხოველებზე ზრუნავენ მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლები და მოხალისეები, რომლებიც მათ საკვებითა და წყლით ამარაგებენ.