COVID-19 - ბოლო ცნობები

ვანის მუნიციპალიტეტში ბლოკპოსტები უქმდება

ვანში ბლოკპოსტების აუცილებლობა და იქ შესვლა–გამოსვლაზე მკაცრი კონტროლი საჭირო აღარ არის, რადგან იქ კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარება მთლიანად კონტროლდება.
Sputnik

თბილისი, 28 აპრილი – Sputnik. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების რისკის შემცირებასთან დაკავშირებით ვანის მუნიციპალიტეტში ბლოკპოსტები უქმდება, ამის შესახებ იმერეთის გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მუნიციპალიტეტში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მთლიანად ექვემდებარება კონტროლს, ამიტომ ბლოკპოსტების აუცილებლობა აღარ არის.

ლენტეხსა და ხიდისყურში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოიხსნა

ე.წ. ვანის კლასტერში ოთხი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ერთმა კლინიკა რამდენიმე დღის წინ დატოვა, სამი კი ქუთაისის ინფექციური საავადყოფოდან ოთხშაბათს გაეწერება.

ვანის მუნიციპალიტეტში მკაცრი კარანტინის რეჟიმი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 8 აპრილს დაწესდა.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მკაცრი საკარანტინო რეჟიმი დღეს მოიხსნა ასევე ლენტეხსა და ხაშურის რაიონის სოფელ ხიდისყურში.

კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა. ამ დროისთვის ინფიცირებულთა რაოდენობა 511-მდე გაიზარდა, აქედან გამოჯანმრთელდა 156, გარდაიცვალა ექვსი.