COVID-19 - ბოლო ცნობები

საქართველოში მოხუცთა თავშესაფრებსა და შშმ პირების პანსიონატებში ტესტირება დაიწყება

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული 511 შემთხვევა დაფიქსირდა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 156 ადამიანი.
Sputnik

თბილისი, 28 აპრილი - Sputnik. მოხუცებულთა თავშესაფრები და ისეთი სათემო პანსიონატები, სადაც  მოთავსებული არიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ტესტირებაში ჩაერთვებიან, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ტიკარაძის ინფორმაციით, კორონავირუსზე გაფართოებული ტესტირების ფარგლებში საქართველოში მოწყვლადი ჯგუფების ტესტირება უახლოეს მომავალში დაიწყება.

ამირან გამყრელიძე: საქართველოს უახლოეს დღეებში 60 ათასამდე სწრაფი ტესტი ექნება

„ამ ეტაპზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოწყვლადი ჯგუფები - მოხუცებულთა თავშესაფრები და ისეთი სათემო პანსიონატები, სადაც არიან მოთავსებული შშმ პირები, როგორც ბავშვები, ასევე ზრდასრულები, ჩაერთვებიან ტესტირებებში“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მინისტრმა არ გამორიცხა, რომ მოწყვლად ჯგუფებში ტესტირება ხვალვე დაიწყოს, თუმცა აღნიშნა, რომ კონკრეტული თარიღი გარკვეული დოკუმენტური პროცედურების დასრულების შემდეგ გამოცხადდება.

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული 511 შემთხვევა დაფიქსირდა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 156, გარდაცვლილი - 6. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5085 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 558 პაციენტი რჩება.