თბილისი, 28 აპრილი – Sputnik. ბოლნისში კორონავირუსი კიდევ ხუთ მედიკოსს დაუდასტურდა, ისინი საკარანტინო ზონაში იმყოფებოდნენ, იუწყება პირველი არხი.
ხუთივე პაციენტი ბოლნისის სასწრაფო დახმარების თანამშრომელია. ისინი კარანტინში იმყოფებოდნენ მას შემდეგ, რაც მათ კოლეგებს კორონავირუსი დაუდგინეს.
ბოლნისში კორონავირუსის 93 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან მედიკოსი უკვე რვაა. მანამდე ვირუსი დაუდგინდათ სასწრაფო დახმარების ექიმსა და ორ მედდას, შემდეგ დაინფიცირდნენ მძღოლი და სასწრაფო დახმარების თანამშრომლების ოჯახების წევრები.
რაც შეეხება ქვემო ქართლის კიდევ ერთ რაიონს – მარნეულს, აქ სოფელ მარადისში კორონავირუსი ერთ ადამიანს დაუდგინეს. ის ვირუსის მქონე პაციენტის ოჯახის წევრია.
სოფელ მარადისის მცხოვრებლები თვითიზოლაციაში იმყოფებიან.
მთავარმა ეპიდემიოლოგმა შეზღუდვების მოხსნის ღონისძიებებზე ისაუბრა>>
რაც შეეხება თვითონ მარნეულს, აქ კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალსში“ კორონავირუსი ორ პაციენტს დაუდგინდა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, დღეს მათ თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანენ.
აჭარაში, მედიკოსთა ინფორმაციით, ე.წ. ქობულეთის კლასტერის 550 კონტაქტიდან გამოკვლეულია 530. თვითიზოლაციის პერიოდი ბევრ მათგანს 29 აპრილს ეწურება. ქობულეთის კლასტერს უკავშირდება 35 ინფიცირებული, აქედან შვიდი უკვე გამოჯანმრთელდა, ერთი – გარდაიცვალა.
აჭარაში ახალი დაინფიცირების ერთი შემთხვევაა. ის თურქეთში მოგზაურობას უკავშირდება. პაციენტი 60 წლის ქალია, რომელიც ქვეყანაში „სარფის“ საკონტროლო-გამშვები პუნქტით შემოვიდა. ის კარანტინში გადაიყვანეს, სიმპტომების გამოვლენის შემდეგ კი კლინიკაში მოათავსეს. პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.
აჭარის კლინიკა „მედალფაში“ კორონავირუსზე 34 პაციენტი მკურნალობს.
ქუთაისში ორი ახალი გამოჯანმრთელებული პაციენტია. ქალაქის ინფექციურ საავადმყოფოში 18 ინფიცირებული რჩება.
ქუთაისის კლინიკაში გუშინ კორონავირუსის დიაგნოზით ახალი პაციენტი შეიყვანეს. მისი მდგომარეობა სტაბილურია. ესაა შუახნის მამაკაცი, რომელიც წყალტუბოს მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელია.
ამ დროისთვის ინფიცირებულის კონტაქტებს ადგენენ.
მიმდინარეობს თერჯოლის რაიონის სოფელ ღვანკითის მცხოვრებთა შემოწმებაც. სოფელი 23 აპრილიდან მკაცრ საკარანტინო ზონად არის გამოცხადებული. იქ შესვლა და სოფლიდან გამოსვლა აკრძალულია. ბოლოს გამოიკვლიეს 30 კაცი. კორონავირუსი არც ერთ შემთხვევაში არ დადასტურდა.
ნეგატიური აღმოჩნდა ასევე სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში ჩატარებული 23 პაციენტის ტესტების პასუხები.
ანაკლია–განმუხურის საკარანტინო ზონაში ამ დროისთვის 85 პირი იმყოფება. ამ რეგიონში თვითიზოლაციაშია 186 პირი.
მწვანე ზონად რჩება კახეთი. აქ კორონავირუსზე გამოიკვლიეს 30 პირი, ინფექცია არავის დაუდასტურდა.
კახეთის 11 საკარანტინო ზონაში 595 ადამიანი იმყოფება.
ნაპოვნია წამალი COVID-19-ის უმძიმესი ფორმის სამკურნალოდ: ფრანგული კვლევა>>
დღეისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 511-მდე გაიზარდა.
აქედან გამოჯანმრთელდა 156 ადამიანი, გარდაიცვალა – 6, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5085, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 558 პაციენტია.
ასევე უცხოეთიდან სამკურნალოდ სამშობლოში გადმოყვანილია კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს სამი მოქალაქე.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 21 მარტიდან მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა, 31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. შემოღებულია ასევე კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.
27 აპრილიდან ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნა დაიწყო.