საუბარია მხატვარ-დეკორატორ ლელა ფანჯიკიძეზე. სხვადასხვა დროს ტელევიზიასა და პედაგოგიურ სფეროში საქმიანობდა. „ტელეიმედის“ მხატვარ-ანიმატორი იყო და კერძო სკოლებში ბავშვებს ხატვას ასწავლიდა. საქართველოს მხატვართა კავშირის წევრია 1997 წლიდან. ამჟამად სამხატვრო სტუდიის წევრია და ხატვა არც დღეს შეუწყვეტია.
- ქალბატონო ლელა, სად მოგისწროთ საგანგებო მდგომარეობამ და როგორია „სახლში დარჩენილი“ ხელოვანის ყოველდღიურობა?
- ჯერ იმას გეტყვით, რომ საბურთალოზე დაბადებულ-გაზრდილი ვარ. რამდენიმე წელია სოლოლაკში, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე გადმოვედით საცხოვრებლად. ამ უბანს განსაკუთრებული სიყვარული სცოდნია. ხელოვანი ადამიანებისთვის ძველ თბილისში ცხოვრება ნამდვილი ფუფუნებაა. დღემდე ვერ გავძეხი ძველი ეზოების, შენობების, ბროწეულის ხეების ყურებით. აქ თბილისის გულია და გზაზე სიყვარული დაბორიალობს... სწორედ აქ მომისწრო იმ საგანგებო მდგომარეობამ, რომელიც იმის შემდეგ დაწესდა, რაც დედამიწას ტრაგედია დაატყდა თავს. შეზღუდვები, საგანგებო მდგომარეობა და დიდხნიანი სახლში გამოკეტვა ძალიან რთული აღმოჩნდა. კიდევ გაურკვეველი მოლოდინი იმისა, ეს ყველაფერი როდის დამთავრდება. მშიშარა არასოდეს ვყოფილვარ, თავს შეძლებისდაგვარად მოვერიე და ჩემი საყვარელი საქმიანობა მშვიდად გავაგრძელე.
- ქალაქის ძველ უბანში გადასვლით თქვენი ნახატების თემებიც ხომ არ შეიცვალა?
- რაც შეეხება თემებს, არ შეცვლილა, გარდა იმისა, რომ უფრო დიდი სიყვარულით დავიწყე ძველი თბილისის ხატვა. ჩვენ სახლს საოცარი სხვენი აქვს, იმედია, იქ რამეს გადავეყრები. ყველა ძალიან მომენატრა, როცა ეს ამბავი დასრულდება, მერე ალბათ ვივლი ასე კარდაკარ ჩემი ფუნჯებით.
- მანამდე, ვიცი, რომ ძველ უსარგებლო ნივთებს ალამაზებთ...
- სახლში ვხატავ სხვადასხვა ჭურჭელზე. 90-იანი წლები გავიხსენე და მარილიანი ცომისგან მოხუცების პატარა კომპოზიცია გავაკეთე. მასალები, მართალია, შემომელია, ამიტომ ვიყენებ ყველაფერს - ხის ნაფოტებს, კერამიკის ფილებს... სიმართლე გითხრათ, ძალიან გავერთე. უთო ვნახე, მოვხატე და გალამაზდა. მოკლედ, გადავედი ოჯახის ზარალზე - ხელთათმანის და პირბადის გარდა მაინც არაფერი გვჭირდება და... ცომის ფიგურებით კარგად ვერთობი. რაც მთავარია, ფქვილი მომარაგებული მაქვს...
- თქვენი მეუღლეც მხატვარია და როგორია ერთ სივრცეში გამოკეტილი ორი მხატვარი?
- დიახ, ოჯახში ორი მხატვარი ვართ - მე და ჩემი მეუღლე ნიკა ცინცაძე, რომელიც ამავდროულად არქიტექტორ-დიზაინერიცაა. ჩვენი სიყვარულის ამბავი ნიკოლაძის სასწავლებელში დაიწყო, მაშინ მე პირველ კურსზე ვიყავი, ის ამთავრებდა. რთულია თუ არა ორი მხატვარი ერთ ჭერქვეშ? ამაზე ჩემი პასუხი ასეთია: ჩვენ ერთმანეთის შემოქმედების ყველაზე დიდი შემფასებლები და დამფასებლები ვართ. ჩემი მეუღლე არ არის ინტერნეტში აქტიური ადამიანი, მას სოციალურ ქსელებში საკუთარი გვერდიც არ აქვს. ბევრი მისი ნახატი გადაყრას გადავარჩინე. ნიკა ნიჭიერი მხატვარია, მაგრამ მან ოჯახის გულისთვის ფუნჯი გვერდზე გააჩოჩა.
- თუმცა გავიგე, რომ საოცარ ვიტრაჟებს ქმნის...
- დიახ, საოცარი ვიტრაჟები აქვს. ჭერი სულ ხელით აქვს მოხატული. ახლა არქიტექტურაში და დიზაინში გადავარდა და ბევრი ლამაზი დიზაინი შექმნა. მჯერა, რომ ჩემი ოცნება ახდება და ეს ადამიანი ხატვას ისევ დაუბრუნდება. ორივეს ხელოვნების სიყვარული გვამთლიანებს და ჩვენი ოჯახი ჰგავს ცისარტყელას, სადაც ცხოვრება გიხარია. დილით ადრე გაღვიძება მიყვარს, მზეს უნდა დავასწრო ხოლმე ადგომა. მერე ყავის ფინჯნით გავდივარ აივანზე და ველოდები ჩემი სხივებიანი მეგობარი ცაზე როდის ამოცურდება.. როგორც კი მზე ამოდის, ჩემი სულის ზეიმიც იწყება...
- თქვენი ამგვარი განწყობა ყველასთვის გადამდებია...
- გარკვეული წლები სკოლის პედაგოგი ვიყავი. ბავშვებისგან იმხელა სიყვარულითა და სითბოთი ვარ გაჟღენთილი, რომ ცხოვრების ბოლომდე მეყოფა. იმ სიყვარულის ძალა დღემდე მასულდგმულებს და მაძლიერებს. ამიტომაც თავს უფლებას ვერ მივცემ, რომ ჩემი შვილების, გიორგისა და ქეთას თაობამ ჩვენს თვალებში შიში და სასოწარკვეთა დაინახოს. გაღიმებული სახე და იმედიანი სიტყვა ქვეყანაზე ყველა წამალს სჯობს.
- ანუ ამ რთული ეტაპის გადალახვაში საყვარელი საქმე და იმედიანი სიტყვა დაგვეხმარება...
- ვფიქრობ, როდესაც ადამიანი დაკავებულია საყვარელი საქმით, მას პრობლემები გაცილებით იოლად გადააქვს. ჩემი აზრით, სიყვარული ყველაზე ძლიერი ძალაა ნებისმიერი ბრძოლის მოსაგებად. ქართველები უნიჭიერესი ერი ვართ, თითოეული ადამიანი მეამაყება. გულით მინდა, რომ ერთმანეთში კარგის დანახვა და თითოეული ადამიანის შრომის დაფასება ვისწავლოთ. უმადურობაზე ცუდი არაფერია. ერთმანეთის სიყვარულისთვის ცხოვრება დიდი ძალაა, რაც ჩემი აზრით, ყოველგვარ ვირუსს და ტკივილს სძლევს. ბედნიერია, ყველა ის ადამიანი, ვისაც საკუთარი საქმე უყვარს. მესმის, ძალიან რთულია ამ მდგომარეობასთან შეგუება, მაგრამ კარგი დროა ჩვენი სულების სამკურნალოდ...