ემიგრანტი ქალის წერილები: ამ რთული პერიოდის გადასალახად თოჯინების კერვა დავიწყე

ემიგრანტი ქალები – ჩვენი დროის ჩვეულებრივი გმირები, საკუთარ მხრებზე რომ გადაიტანეს ქვეყნის ყველაზე რთული პერიოდი. ასეა დღესაც...
Sputnik

სამშობლოდან შორს მყოფები, უცხოეთში პიროვნულ რეალიზებას მაინც ახერხებენ. მათ შემოქმედებით ნიჭს, ოპტიმიზმს და სიცოცხლის სიყვარულს ყოფითი პრობლემები ვერაფერს აკლებს. ვინ იცის, იქნებ, ჩვენი გადარჩენის საიდუმლოც ამაშია...

დღეს ათენში მცხოვრებ თამილა რომაშვილის ღია გზავნილს გაგაცნობთ. მასში საქართველოში დარჩენილ ცხოვრებაზე, ახლობლებზე და ტკივილითა და იმედით გაჯერებულ ემიგრანტულ ყოფაზე გვესაუბრება. უცხოეთში მან სულის გადარჩენის თავისი გზა მოძებნა, მის მიერ შექმნილი ხელნაკეთი თოჯინები გარკვეულად საკუთარ თავთან და სამშობლოში, შვილიშვილებთან „დაბრუნების“ ლამაზი მცდელობაა...

ემიგრანტი ქალის წერილები: ამ რთული პერიოდის გადასალახად თოჯინების კერვა დავიწყე

უკვე წლებია საბერძნეთში ვცხოვრობ და ვმუშაობ. ამ ქვეყნის ეკონომიკური კრიზისი, რომლიც 2011 წელს იყო, ბუნებრივია, ქართველ ემიგრანტებსაც შეგვეხო და ჩვენს ბიუჯეტზეც აისახა. ოჯახურ სირთულეებს თან დაერთო დეპრესიული ფონი, ჩემი ჩაკეტილობა და მუდმივად გადაღლილობის შეგრძნება. ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ ჯერ კიდევ ბავშვობიდან ძალიან მიყვარს ხატვა და კერვა, ამიტომაც ამ რთული პერიოდის გადასალახად ჩემმა მეგობარმა სვეტლანა რევიშვილმა მირჩია თოჯინების კერვა დამეწყო. ფაქტობრივად სვეტლანა იყო ადამიანი, რომელმაც გარდა მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრისა, რომლისგანაც სულიერ საზრდოს ვიღებ, ჩემი მეორე ჰობი - თოჯინების კერვა აღმომაჩენინა.

ემიგრანტი ქალის წერილები: ამ რთული პერიოდის გადასალახად თოჯინების კერვა დავიწყე

ხელსაქმე ვინც იცის, ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ იმ დადებითი მუხტის როლი, რომლითაც შენს მიერ შექმნილი ნივთის შეხედვისას ივსები, განუზომელია. განსაკუთრებით იმ სტრესულ გარემოში, რომელშიც ემიგრანტებს გვიწევს ცხოვრება. ამ თოჯინებმა მდგომარეობიდან გამომიყვანა... თავიდან „ტილდას” სტილის თოჯინებით დავიწყე, შემდეგ „ვალდორფის”, საბოლოოდ კი აღმოვაჩინე კანადური თოჯინების სტილი „ბამბოლეტა” და ამჟამად მასზე ვარ შეყვარებული.

ემიგრანტი ქალის წერილები: ამ რთული პერიოდის გადასალახად თოჯინების კერვა დავიწყე

ჩემმა ნახელავმა ხალხი აღაფრთოვანა, რამდენიმე შეკვეთაც მივიღე მეგობრებისა თუ ბერძენი ბებიებისგან. ჩემს შვილიშვილებს საკუთარი სახელობის თოჯინები შევუკერე და მონატრებას მათი ყურებით ვივსებ. სულ ახლახან ჩემმა მეგობარმა მაია სააკაძემ ათენში ხელნაკეთი ნივთების მაღაზია გახსნა, სადაც საკუთარი და ქართველი ემიგრანტების ნამუშევრები აქვს გამოფენილი. ისინი სწორედ ამ მაღაზიაში იწონებენ თავს. ვნახოთ, მომავალში როგორ წარიმართება საქმე, საყვარელი გოგო-ბიჭების კერვას მოთხოვნის შესაბამისად გავაგრძელებ.

ემიგრანტი ქალის წერილები: ამ რთული პერიოდის გადასალახად თოჯინების კერვა დავიწყე

საბერძნეთში მოხუცებულთან ვმუშაობ, ეს სადღეღამისო სამსახურია, დასვენების გარეშე. იმის გამო, რომ ბებოს შვილები მოშორებით ცხოვრობენ, მე ვზრუნავ ყველაფერზე - საკვებით მომარაგებაზე, გადასახადების გადახდაზე, წამალზე, ექიმზე და ა.შ.

დღევანდელმა მდგომარეობამ ყველა ჩვენგანის ცხოვრება შეცვალა. ბევრი ქართველი, ვისაც ყოველდღიური სამსახური ჰქონდა, უმუშევარი დარჩა. უკან დაბრუნების მსურველიც ბევრია, ზოგი ახერხებს, ზოგი - ვერა, იმის გამო, რომ საქართველოში ოჯახები ჰყავთ სარჩენი...

გარეთ გადაადგილება ახლა აქაც შეზღუდულია. შესაბამის ორგანოს ტექსტური შეტყობინების საშუალებით ვაგებინებთ ჩვენი გადაადგილების მიზეზს და მარშრუტს. სულ ექვსი პუნქტია, რომელიც სხვადასხვა მოთხოვნილებებზეა გათვლილი. ერთი პუნქტი მარკეტია, მეორე - ექიმი და აფთიაქია, მესამე - ბანკი და ა.შ. ჩვენ ვწერთ საკუთარ მონაცემებს, სახელ-გვარს და საცხოვრებლის მისამართს. პასუხი მაშინვე მოდის, რომ ჩემი გადაადგილება ნებადართულია. ამასთან პასპორტიც უნდა ვიქონიოთ. თუ გარეთ გასული ვინმემ გამაჩერა, მობილურზე ვაჩვენებ ტექსტურ შეტყობინებას, ანუ ნებართვას და პასპორტსაც. ამ წესის დამრღვევი 150 ევროთი ჯარიმდება.

ემიგრანტი ქალის წერილები: ამ რთული პერიოდის გადასალახად თოჯინების კერვა დავიწყე

ხშირად მეკითხებიან, როდის აპირებ საქართველოში, შენს მშობლიურ კასპში ჩამოსვლასო. ჩემი პასუხი ყოველთვის ერთია - რომ ძალიან მინდა მალე ჩამოსვლა, ჩემს საყვარელ ხალხთან ჩახუტება და საყვარელ პროფესიაში დაბრუნება. კასპის მუსიკალურ სკოლაში ვუშაობდი, თუ კიდევ მიმიღეს, რა თქმა უნდა. იმედი მაქვს, მკითხველისთვის გასაგებად გადმოვეცი ჩემი, ერთი ჩვეულებრივი ემიგრანტი ქალის ისტორია, რომელიც თითქოს სხვებისგან არაფრით განსხვავდება. თუმცა მგონია, რომ ჩემი ამბავი მაინც ინარჩუნებს ინდივიდუალურობას. ემიგრანტობაში გატარებულ ოც წელიწადს წიგნიდან ამოხეულ ფურცლებს ვადარებ. გააზრებული მაქვს, რომ ეს წლები უკან არასდროს დაბრუნდება, თუმცა ჩვენ ხომ შეცდომებზე ვსწავლობთ?..

ემიგრანტი ქალის წერილები: ამ რთული პერიოდის გადასალახად თოჯინების კერვა დავიწყე

ჩვენს ქვეყანაზე ძალიან ხშირად ვისმენთ ამბებს ადგილობრივი ტელევიზიით, სადაც დადებითად აფასებენ პანდემიასთან ბრძოლის ქართულ სტრატეგიას და საბერძნეთის მთავარმა ინფექციონისტმა, პროფესორმა სოტირის ციოდრასმა (Sotiris Ciodrasma) ჩვენ გმირ ექიმებზე - ამირან გამყრელიძეზე, თენგიზ ცერვაძესა და პაატა იმნაძეზე თქვა, „შესანიშნავი სამეულიაო“. ვერ აგიწერთ, რა ამაყი ვიყავი იმ მომენტში. ამიტომ ახლა მინდა ჩემი წილი მადლობა გადავუხადო მათ და ყველას, ვისაც მცირეოდენი წვლილი მაინც მიუძღვის ვირუსთან ამ თავდადებულ ბრძოლაში. უფალს ვთხოვ, მალე და რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგით დამთავრდეს ეს პანდემია საქართველოში, საბერძნეთში და მთელ მსოფლიოში, რომ ხალხმა თავისუფლად ამოისუნთქოს.

ეს პერიოდი საკმარისი აღმოჩნდა მოვლენების გადასაფასებლად, ამიტომაც საქართველოში დაბრუნებისას ზუსტად ვიცი, რომ ჩემს საყვარელ ადამიანებს აღარასდროს დავტოვებ. მჯერა, რომ ნებისმიერი პრობლემის მოგვარება შეიძლება, თუ ერთმანეთს გულწრფელად ამოვუდგებით გვერდში...