საქართველოს მთავრობის წევრების საბანკო კრედიტები: ვის რამდენი აქვს?

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მიიჩნევს, რომ ინფორმაცია მთავრობის წევრების ქონებრივი მდგომარეობის შესახებ საზოგადოებრივ ინტერესს წარმოადგენს, მით უმეტეს, რომ ის ყველასთვის ხელმისაწვდომია.
Sputnik

თბილისი, 27 აპრილი - Sputnik. საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარს ბანკის ვალი აქვს და გამონაკლისს არც მთავრობის წევრები წარმოადგენენ: მინისტრების და მათი მოადგილეების უმრავლესობას ბანკის კრედიტები აქვს აღებული, იუწყება არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ თავის ოფიციალურ Facebook-გვერდზე.

მთავრობისა და პარლამენტის წევრები კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში თანხებს გადარიცხავენ >>

არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობაში 11 მინისტრია, რომელთაც 52 მოადგილე ჰყავთ. 2019 წლის დეკემბრის მდგომარეობით, 40 მაღალჩინოსანს ან მათ მეუღლეებს საბანკო ვალდებულებები გააჩნიათ. გარდა ამისა, 20 მათგანი პირადად ან მეუღლის მეშვეობით სამეწარმეო საქმიანობას ეწევა.

ყველაზე დიდი საბანკო დავალიანების მქონე მაღალჩინოსნების ათკაციან სიაში ლიდერობს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა. მას აქვს ორი 15-წლიანი იპოთეკური სესხი - "თიბისი ბანკში" 325 ათასი ევრო და "საქართველოს ბანკში" - 185,2 ათასი დოლარი.

მეორე ადგილზეა ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, რომელსაც "საქართველოს ბანკში" 14-წლიანი იპოთეკური სესხი აქვს აღებული - 115 ათასი დოლარი.

StopCoV ფონდში ჩარიცხული თანხა მყისიერად 100 მილიონი ლარით გაიზარდა

შედარებით ნაკლები ოდენობის კრედიტი აქვს აღებული შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს. მან "საქართველოს ბანკს" ხუთი წლის განმავლობაში 80 ათასი დოლარი უნდა გადაუხადოს.

მაღალჩინოსნებს შორის ყველაზე დიდი კრედიტი აქვს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს გიორგი ხანიშვილს. მას "თიბისი ბანკში" აქვს 700 ათასი დოლარის სესხი, რომელიც მან 15 წლის განმავლობაში უნდა დააბრუნოს.

არასამთავრობო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მაღალჩინოსნებს სესხის აღება დოლარში ან ევროში ურჩევნიათ და უპირატესობას "საქართველოს ბანკს" ანიჭებენ.

ორგანიზაციამ ჩათვალა, რომ მთავრობის წევრების ფინანსური ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის საინტერესო იქნებოდა.

ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ მონაცემები აღებულია ღია წყაროდან - თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონაცემთა ბაზიდან, რომელიც ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე www.declaration.gov.ge.