საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ბაზრის სტაბილიზაციისთვის ვალუტა გაყიდა

ორ თვეში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზრის სტაბილიზაციისთვის უკვე ოთხი აუქციონი ჩაატარა, რომლებზეც 120 მლნ დოლარი გაყიდა
Sputnik

თბილისი, 27 აპრილი - Sputnik. ორშაბათს სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 მლნ დოლარი გაყიდა და ლარის კურსმა დოლართან მიმართებით 3,2035 GEL/$1 შეადგინა.

მარტის თვეში ლარი 20%-ით გაუფასურდა და 3,14-3,15 GEL/$1 დონეზე დაფიქსირდა.

ლარის გაუფასურების შესაჩერებლად ორ თვეში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ოთხი აუქციონი ჩაატარა, რომლებზეც 120 მლნ დოლარი გაყიდა.

WTI მარკის ნავთობის ფასი ისტორიაში პირველად ხუთ დოლარზე ქვემოთ დაეცა

„ახლა, როდესაც სავალუტო ბაზარი სტაბილურია, ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს ბაზრისთვის აუცილებელ ლიკვიდურობას როგორც უცხოურ, ისე ეროვნულ ვალუტაში“, - ნათქვამია მარეგულირებლის განცხადებაში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ბოლო წლებში ეროვნული ბანკი აგროვებდა საერთაშორისო რეზერვებს და ამ პოლიტიკის უპირატესობა დღეს გამოჩნდა.

„სწორედ რეზერვების დაგროვების პოლიტიკამ მისცა ეროვნულ ბანკს ბაზრისთვის დამატებითი სავალუტო რეზერვების მიწოდების შესაძლებლობა ამ კონკრეტული სიტუაციის პირობებში ჩარევის გზით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

28 აპრილს ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსია 3,2044 GEL/$1. ეროვნული ვალუტის კურსმა დოლარის მიმართ 0,0017 ლარით მოიმატა.