თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. ორშაბათიდან, 27 აპრილიდან დაიწყო კორონავირუსის საფრთხის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი.
კერძოდ, ორშაბათიდან ნებადართულია მსუბუქი ავტომობილებით, მათ შორის, ტაქსით გადაადგილება, ინტერნეტ–მაღაზიების (საცალო და საბითუმო) ვაჭრობა, ნებისმიერი ნივთის მიტანა და ღია ტიპის აგრარული ბაზრების მუშაობა.
შეზღუდვები მოიხსნება მთელ ქვეყანაში, გარდა მკაცრი კარანტინის ზონებად გამოცხადებული დასახლებებისა.
ამას გარდა, ორი დღით, 27 და 28 აპრილს, გამონაკლისის სახით, ნებადართულია ქალაქებში – თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და ამ ქალაქებიდან გამოსვლა მხოლოდ მათთვის, ვინც ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილზე ბრუნდება. ამ ქალაქებში შესვლა და გამოსვლა საგანგებო რეჟიმის მოქმედების ვადით 15 აპრილს აიკრძალა.
„ამ ქალაქებში შესვლა და გასვლა, რეგისტრირებულ, იურიდიულ მისამართზე დაბრუნების მიზნით, მოქმედი რეგულაციის მიხედვით, შესაძლებელია ნებისმიერ დროს. საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული ყველა სხვა შეზღუდვა ძალაში რჩება. მათ შორის ძალაში რჩება კომენდანტის საათის მოქმედება 21:00 საათიდან 06:00 საათამდე“, – განუცხადა ჟურნალისტებს პრემიერის მრჩეველმა, მთავრობის პრეს-სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა.
მთავრობა კორონავირუსის საფრთხის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნას ექვს ეტაპად აპირებს. ამავე დროს, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, შესაძლებელია გაუქმებული შეზღუდვების ხელმეორედ დაწესება, ასევე მომდევნო ეტაპის ვადების გადახედვა.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა. ამასთან დაკავშირებით ქვეყნის მოსახლეობისთვის რიგი შეზღუდვები ამოქმედდა.
გასულ კვირაში მთავრობამ წარმოადგინა ანტიკრიზისული გეგმა და განაცხადა, რომ დაიწყება მოქმედი შეღუდვების ეტაპობრივი მოხსნა. ამ დროისთვის ცნობილია მხოლოდ პირველი ეტაპის დაწყების ზუსტი დრო – 27 აპრილი. სავარაუდოდ, შემდეგი ეტაპები ორკვირიანი ინტერვალით განხორციელდება.