COVID-19 - ბოლო ცნობები

ლატვიაში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

52 წლის მამაკაცი ლატვიაში სატვირთო მანქანის მძღოლად მუშაობდა. ბოლოს მან საქართველო 2020 წლის იანვარში დატოვა.
Sputnik

თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. ლატვიაში საქართველოს მოქალაქე ახალი კორონავირუსით გარდაიცვალა, იუწყება პირველი არხი ოჯახზე დაყრდნობით.

კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/21 ივლისი

გია გიორგაძე თელავიდან იყო. 52 წლის მამაკაცის გარდაცვალებას ოჯახის წევრები ადასტურებენ.

მათი თქმით, მამაკაცს გულის ქრონიკული დაავადება ჰქონდა, ამიტომ კორონავირუსის გადატანა ვერ შეძლო.

გია გიორგაძე ლატვიაში წლების განმავლობაში ერთ-ერთ კომპანიაში სატვირთო მანქანის მძღოლად მუშაობდა. ბოლოს მან საქართველო 2020 წლის იანვარში დატოვა.

ოჯახის ინფორმაციით, მათთან აქტიურ კონტაქტზეა საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ჯერჯერობით უცნობია, როდის მოხდება ცხედრის საქართველოში გადმოსვენება.

როგორც ცნობილია, დღემდე საზღვარგარეთ კორონავირუსით საქართველოს ცხრა მოქალაქე იყო გარდაცვლილი.

სტრასბურგში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა >>

საგარეო საქმეთა სამინისტრო ვერ ახორციელებს უცხოეთიდან გარდაცვლილი თანამემამულეების ცხედრების გადმოსვენების პროცედურას. ჯანმოს ეს მოთხოვნა ყველა ქვეყანას ეხება.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. დღეისათვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 485-ს შეადგენს, გარდაიცვალა 6 ადამიანი, 149 პაციენტი გამოჯანმრთელდა. 

რაც შეეხება თითქმის ორმილიონიან ლატვიას, ამ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 812 ადამიანს შეადგენს, გარდაიცვალა 12 პაციენტი.