COVID-19 - ბოლო ცნობები

კახა კალაძე დედაქალაქში 27 აპრილიდან გარკვეული შეზღუდვების მოხსნაზე საუბრობს

საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის საკითხი დამოკიდებულია არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე, აცხადებს თბილისის მერი
Sputnik

თბილისი, 26 აპრილი - Sputnik. თბილისის ღია ბაზრებმა, რომლებიც ორშაბათიდან გაიხსნება, უსაფრთხოების თვალსაზრისით მოთხოვნები მაქსიმალურად უნდა დაიცვან, იუწყება პირველი არხი თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებაზე დაყრდნობით.

ახალი ტიპის კორონავირუსის მასშტაბური გავრცელების საფრთხის გამო საგანგებო მდგომარეობა საქართველოში 21 მარტს ამოქმედდა. მთელ რიგ შეზღუდვებთან ერთად, ქვეყნის მასშტაბით დაიხურა აგრარული ბაზრები, არ მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გაჩერებულია საქალაქთაშორისო და სარკინიგზო გადაზიდვები, ჩაკეტილია ქვეყნის სახმელეთო საზღვრები, გარდა სატვირთო გადაზიდვებისა.

ბათუმში ღია აგრარული და თევზის ბაზრები იხსნება

საქართველოში შეზღუდვები ეტაპობრივად, ყოველ ორ კვირაში მოიხსნება ვირუსის გავრცელების დონისა და ექიმების რეკომენდაციების მიხედვით, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას.

თბილისის მერი აცხადებს, რომ თბილისის მასშტაბით კონკრეტულად რომელ ღია ბაზრებზე იხსნება შეზღუდვა, ამ საკითხს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო წყვეტს.

„კონკრეტულად გამიჭირდება, რადგან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიჰყავს კონკრეტულად ეს თემა, თუმცა მთავარი აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ და არ უნდა დაგვავიწყდეს, იმ გახსნის პირობებშიც მაქსიმალურად უნდა დავიცვათ და გავითვალისწინოთ მოთხოვნები, რომელიც არის უსაფრთხოების თვალსაზრისით. სოციალური დისტანცია, პირბადეები, სადეზინფექციო ხსნარები“, – განაცხადა კალაძემ.

თეთრიწყაროს რაიონული ცენტრი ჩაიკეტა, საავადმყოფოში კი კარანტინი გამოცხადდა

რაც შეეხება საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენას, მისივე თქმით, ეს საკითხი პირდაპირ დამოკიდებულია არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის დაშვება მაშინ მოხდება, როგორც კი დარგის სპეციალისტების მხრიდან იქნება რჩევა.

„ყველას მინდა, ვთხოვო, მოვუწოდო, მაქსიმალურად დიდი სიფრთხილე გამოიჩინოთ არსებულ სიტუაციაში. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით არსებულ მდგომარეობას. როგორც კი იქნება დარგის სპეციალისტების მხრიდან რჩევა და მოწოდება, რომ შესაძლებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტის დაშვება, მაშინვე იქნება ეს გადაწყვეტილება მიღებული“,- განაცხადა კახა კალაძემ.

კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვებისა და აკრძალვების სრული ჩამონათვალი 24 აპრილისთვის >>

დღეისათვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 485 შემთხვევა დადასტურდა, 139 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ექვსი კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 928, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 522 ადამიანია.