COVID-19 - ბოლო ცნობები

ბოლნისში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა დადასტურდა - სამი სოფელი ჩაიკეტა

25 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 456-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 132
Sputnik

თბილისი, 25 აპრილი - Sputnik. დღეს დილით მიღებული ლაბორატორიული კვლევის შედეგებით, ბოლნისში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

გავრცელებული  ინფორმაციით, კორონავირუსი დაუდგინდათ ამ დრომდე ბოლნისში დადასტურებული შემთხვევების მჭიდრო კონტაქტებს.

დღევანდელი მონაცემებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში 80 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 4 გამოჯანმრთელდა, 2 კი გარდაიცვალა.

შეზღუდვების მოხსნა: ეტაპები და ვადები

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო სამ სოფელში  – ხატისოფელი, ვანათი  და  მუშევანი საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო და მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები ამოქმედდა. საკარანტინო პირობები მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას ითვალისწინებს.

უწყების ცნობით, პოლიცია ადგილობრივ მოსახლეობას საკარანტინო შეზღუდვებს განუმარტავს და საჭიროების შემთხვევაში მაქსიმალურად დაეხმარება.

თავად ბოლნისის მუნიციპალიტეტი კარანტინზე 23 მარტიდან ჩაიკეტა, თუმცა სოფლებს შორის გადაადგილება თავისუფალი იყო.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 25 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 456-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 132,  გარდაიცვალა 5. კარანტინში იმყოფება 5206  ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 571 პაციენტია.