თბილისი, 24 აპრილი - Sputnik. სკოლებში სწავლა 1 სექტემბრამდე არ განახლდება, თუმცა არც აკადემიური წლის გამოცხადება იგეგმება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.
გახარია: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ აკადემიური წელი არ გამოცხადდეს>>
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედებს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყანაში სასწავლო პროცესი 2 მარტიდან შეწყვეტილია. სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ.
„სწავლა სკოლებში არ განახლდება პირველ სექტემბრამდე, მაგრამ აკადემიური წელი არ გამოცხადდება, სასწავლო რეჟიმი მიმდინარეობს ნორმალურად“, – აღნიშნა პრემიერმა.
საქართველოს განათლების სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში მოსწავლეებისთვის სასწავლო პროგრამის ათვისების დისტანციურად დახმარების მიზნით პროექტი „ტელესკოლა“ დაიწყო, რომელიც ითვალისწინებს ტელეგაკვეთილებს ყველა კლასის მოსწავლეებისთვის.
ამასთან, „ტელესკოლას“ 13 აპრილიდან სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე გაკვეთილები დაემატა – ეროვნული უმცირესობებისთვის.
პროექტის ფარგლებში „ტელესკოლაზე“ წვდომა აქვს ყველა მოსწავლეს, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა მათ წვდომა ინტერნეტზე.
როგორც გიორგი გახარიამ მანამდეც განაცხადა, საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სკოლებში მიმდინარე სემესტრი შედგეს და მოსწავლეებმა 2019-2020 სასწავლო წელი დაასრულონ.