პური არ გაძვირდება: მინისტრმა ფასწარმოქმნის საფუძვლები განმარტა

პურის მუდმივი ფასის გარანტია სახელმწიფოს მიერ ხორბლისა და ფქვილის იმპორტის სუბსიდირებაა, განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
Sputnik

თბილისი, 24 აპრილი – Sputnik. პურის ფასის გაძვირების წინაპირობები არ არსებობს სახელმწიფოს მიერ მიღებული ზომების წყალობით, განაცხადა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრი საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში პასუხისმგებელია სურსათით მომარაგებასა და ფასების კონტროლზე.

ხანიშვილი: საქართველოს სურსათის მარაგი აქვს

„პურის ფასის სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ მოსახლეობის სოციალური ფონი უფრო მძიმეა კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში, შეზღუდვების პირობებში. ამიტომ ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს პურის მრეწველთა კავშირთან, ასევე თვითონ ინდივიდუალურად საწარმოებთან, რათა პურის ფასი შევინარჩუნოთ“, – განუცხადა ჟურნალისტებს დავითაშვილმა.

ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ პურის მუდმივი ფასის გარანტია სახელმწიფოს მიერ ხორბლისა და ფქვილის იმპორტის სუბსიდირებაა, რათა ერთი ტომარა ფქვილის ფასი 51 ლარს არ აღემატებოდეს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარანტია, დავითაშვილის განცხადებით, არის საცხობების კომუნალური მომსახურების ტარიფების შემცირება.

„ეს არის ორი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც მონაწილეობს პურის თვითღირებულებაში. შესაბამისად, წინაპირობები იმისა, რომ პურის ფასი გაიზარდოს, დღეს არ არსებობს, და ეს არის ის ქმედითი მექანიზმები, რომლითაც ჩვენ ფასის კონტროლს შევძლებთ და არა კონკრეტული ადმინისტრაციული გადაწყვეტილებით“, – განაცხადა დავითაშვილმა.

პურის ფასის პრობლემის გადაჭრის გარდა, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიმუშავა კვების სხვა პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამა, რომელსაც სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო შემოსავლების სამსახურთან ერთად განახორციელებს.

საქართველო იმპორტჩანაცვლებისთვის პერსპექტიულ დარგებს განავითარებს>>

პროექტის თანახმად, 15 მარტიდან 15 მაისის ჩათვლით მოხდება იმ იმპორტიორი კომპანიების სუბსიდირება (ვალუტის კურსის სხვაობის სუბსიდირება), რომლებიც კვების ძირითად ცხრა პროდუქტს ყიდულობენ და შემოაქვთ ქვეყანაში.