COVID-19 - ბოლო ცნობები

კორონავირუსი – ეკოლოგიისთვის მებრძოლი: საქართველოში ჰაერი გაიწმინდა

საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებამ და კერძო მსუბუქი ავტომობილების გადაადგილების ათდღიანმა აკრძალვამ საოცარი შედეგები მოიტანა.
Sputnik

თბილისი, 24 აპრილი – Sputnik. ჰაერის დაბინძურების დონე თბილისსა და მთლიანად საქართველოში ბოლო დროს მნიშვნელოვნად შემცირდა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვებისა და აკრძალვების სრული ჩამონათვალი 24 აპრილისთვის>>

„აღნიშნული ძირითადად სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის მკვეთრმა შემცირებამ გამოიწვია. განსაკუთრებით შემცირებულია ჰაერში აზოტის დიოქსიდის შემცველობა, რაც, სავარაუდოდ, დაკავშირებულია ავტოტრანსპორტიდან გამონაბოლქვის შემცირებასთან“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთანავე სააგენტო აღნიშნავს, რომ სადგურებზე, რომლებიც განთავსებულია გზის პირას, ავტოტრანსპორტით დატვირთული ქუჩების გასწვრივ, მათ შორის წერეთლისა და ყაზბეგის გამზირებზე, უფრო მეტად ფიქსირდება აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების კლების ტენდენცია, ვიდრე ფონურ სადგურებზე.

ეს გადაწყვეტილება კი არა, მხოლოდ ინიციატივაა, რომელზეც საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს – კალაძე

ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლის შემცირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების შეკავების მიზნით საგანგებო მდგომარეობა დაწესდა. საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში შეჩერდა მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა, 17-დან 27 აპრილამდე აკრძალულია მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. დაცარიელდა ქალაქის ქუჩები, თუ არ ჩავთვლით სპეციალური საშვების მქონე ავტომობილების, ბაიკერებისა და ველოსიპედისტების გადაადგილებას. ეს ყველაფერი დადებითად აისახა არა მხოლოდ დედაქალაქის, არამედ მთელი საქართველოს ეკოლოგიურ ვითარებაზე.

ამ მაჩვენებლების შენარჩუნების მიზნით თბილისის მერი კახა კალაძე გამოვიდა ინიციატივით, საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ დედაქალაქში კვირაში ორი დღით აიკრძალოს ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

„ჩვენ გვაქვს იდეა, როდესაც ნორმალურ ცხოვრებას დავიწყებთ, კვირაში ორი დღით ავკრძალოთ კერძო ტრანსპორტით გადაადგილება, რათა შევინარჩუნოთ ეკოლოგიური სიტუაცია“, – განაცხადა კალაძემ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგმა ასევე აჩვენა, რომ ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ავტოტრანსპორტია.