COVID-19 - ბოლო ცნობები

გახარია: ქვეყანაში მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული დისტანციური მუშაობის ფორმა

როგორც პრემიერმა აღნიშნა, დისტანციური მუშაობა საშუალებას იძლევა, მინიმუმამდე შემცირდეს ფიზიკური კონტაქტი, რაც პანდემიის პირობებში ძალზე მნიშვნელოვანია.
Sputnik

თბილისი, 24 აპრილი – Sputnik. როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორში მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული დისტანციური მუშაობის ფორმა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

როდის დაიწყება შეზღუდვების გაუქმება: მთავრობამ პირველი ეტაპი დააანონსა>>

მისი თქმით, მოქალაქეებისთვის დადგენილი შეზღუდვები არცთუ მარტივი გამოცდა აღმოჩნდა, მაგრამ, ამავდროულად, ეს აუცილებელი იყო მათი ჯანმრთელობისთვის.

„სადაც შესაძლებელია, როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში მაქსიმალურად იყოს გამოყენებული დისტანციური მუშაობის ფორმები, იმისთვის, რომ ფიზიკური კონტაქტი ჩვენ მაქსიმალურად შევამციროთ და მინიმუმამდე დავიყვანოთ. ეს არის ის საბაზისო წესები, რომლის დაცვის გარეშე ვერანაირი ეკონომიკის გახსნაზე ან შეზღუდვების შემცირებაზე ვერ ვისაუბრებთ. ამიტომ ეს არის ის ბაზა, რომელზე დაყრდნობითაც შეგვიძლია შემდგომი ნაბიჯების გადადგმა“, – განაცხადა გახარიამ.

გახარიამ აღნიშნა, რომ შეზღუდვების შემსუბუქებისა და ეკონომიკის გახსნის გეგმა მზადაა, თუმცა ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ პანდემიამ შეცვალა ადამიანების ცხოვრება და ყოველდღიურობა ისე, რომ გარკვეული შეზღუდვები და ზომები წლების განმავლობაში გაგრძელდება.

საქართველოს მთავრობა მოსახლეობას დახმარებას ნახევარი წლის განმავლობაში გადაუხდის

„ამ წესების დაცვის გარეშე შეუძლებელი იქნება ეკონომიკის გახსნაზე და ეკონომიკის აღდგენაზე საუბარი. ეს წესები ძალიან მარტივია და ეს წესები არის გლობალური“, – განაცხადა გახარიამ.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ყველა კომპანიამ უნდა გაითვალისწინოს, რომ საქმიანობის განახლება და მისი წარმოება გრძელვადიან პერსპექტივაში შეუძლებელი იქნება ეპიდემიოლოგების რჩევებისა და მოთხოვნების დაცვის გარეშე.

„კორონავირუსის ყველაზე დიდი გამოწვევა არის ის, რომ დღემდე გლობალურად მსოფლიომ ვერ მოძებნა რეცეპტი, როგორ უნდა ებრძოლოს ამ ვირუსს, გარდა ამ სოციალური დისტანციისა, პირბადისა, მობილობის შეზღუდვისა და ა.შ. ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა, რის პირობებშიც ჩვენ მოგვიწევს ყველას ერთად ცხოვრება“, – განაცხადა გახარიამ.

კალაძემ მთავრობის მიერ წარმოდგენილ ანტიკრიზისულ გეგმას მაღალი შეფასება მისცა>>

გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდება პირბადე, ელემენტარული ჰიგიენის დაცვა, ხელთათმანები, აღნიშნა პრემიერმა.

ამასთან, მთავრობამ უკვე შეიმუშავა შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნის გეგმა. პირველი ეტაპი 27 აპრილიდან დაიწყება.

დაწვრილებით შეზღუდვების მოხსნის ეტაპებისა და ვადების შესახებ იხილეთ აქ.