თბილისი, 24 აპრილი - Sputnik. ესპანელი მეცნიერები, რომლებმაც ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შეღწევის გზები შეისწავლეს, სენსაციურ დასკვნამდე მივიდნენ. კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია პორტალზე bioRxiv.
მეცნიერებმა გამოიკვლიეს COVID-19-ით დაავადებული პაციენტების ბიოლოგიური მასალა და დაადგინეს, რომ ინფექცია ქვეყანაში, სხვა ევროპელებთან ან ჩინეთის მოქალაქეებთან კონტაქტის მეშვეობით, 15 სხვადასხვა გზით შეიძლებოდა მოხვედრილიყო.
„კვლევის წინასწარი შედეგები მიუთითებს იმაზე, რომ ახალი კორონავირუსი უკვე ცირკულირებდა ქვეყანაში თებერვლის შუა რიცხვებიდან და გამორიცხავს ნულოვანი პაციენტის არსებობას“, ― ციტირებს კვლევის ავტორებს გამოცემა El Pais-ი.
ესპანელმა სწავლულებმა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში აიღეს პაციენტების სინჯები, რათა განესაზღვრათ, ახალი კორონავირუსის რა ტიპითა და როგორ შეიძლებოდა დაინფიცირებულიყო თითოეული ადამიანი. გაირკვა, რომ დაავადებული ესპანელების დიდი ნაწილი G და S ოჯახის SARS-Cov-2-ის მატარებელია ― ისეთისა, როგორიც შანხაიში იანვრის ბოლოს დაფიქსირდა.
ამასთან, როგორც სპეციალისტები ირწმუნებიან, კორონავირუსის შანხაის ტიპი ესპანეთში ჩინეთიდან არ მოხვედრილა. COVID-19-მა ყველაზე ადრე ქვეყანაში ვალენსიაში იფეთქა, სადაც ის ფეხბურთის ფანატებმა და სპორტსმენებმა შეიტანეს.
ამ დასკვნის სასარგებლოდ მეტყველებს ბერგამოს მერის განცხადება, რომლის თქმითაც 19 თებერვალს მილანში ჩატარებული შეხვედრა „ატლანტასა“ და „ვალენსიას“ შორის შესაძლოა 40 ათასი ქომაგის ინფიცირების მიზეზი გამხდარიყო. ლომბარდიის დედაქალაქში მაშინ თამაშს დაახლოებით 2,5 ათასი ესპანელი ესწრებოდა.
ამასთან მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ კორონავირუსის დასამარცხებლად საჭიროა არა მარტო წარსული გააანალიზება, არამედ SARS-Cov-2-ის შემდგომი მოქმედებების გათვლაც.