თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. კორონავირუსი ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას იმდენით ამცირებს, რამდენითაც, მაგალითად, გულის იშემიური დაავადებები, აცხადებენ გლაზგოს (შოტლანდია) უნივერსიტეტების მეცნიერები, რომელთა კვლევაც გამოქვეყნებულია რესურსზე Wellcome Open Research.
გავრცელებული ინფორმაციით, სპეციალისტებმა იტალიაში COVID-19-ით დაავადებული პაციენტების მონაცემები შეადარეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ სკალას, რომლის მეშვეობითაც გამოითვლება, სიცოცხლის რამდენ წელს კარგავს ადამიანი ამა თუ იმ ავადმყოფობის გამო.
კვლევამ აჩვენა, რომ ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადებით ადამიანები სიცოცხლის იმდენსავე წელს კარგავენ, რამდენიც შეიძლებოდა გულის ავადმყოფობით დაეკარგათ.
„Covid-19-ით გარდაცვლილ ადამიანებში სიცოცხლის დაკარგული წლების რაოდენობა გულის იშემიური დაავადებით შემცირებულ წლებს ჰგავს“, — აცხადებენ მეცნიერები.
მკვლევარებმა დაადგინეს, რომ COVID-19-ით გარდაცვლილი მამაკაცების სიცოცხლე საშუალოდ 13 წლით, ხოლო ქალების სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 11 წლით შემცირდა.
აღსანიშნავია, რომ შოტლანდიელი მეცნიერების კვლევა ეფუძნებოდა გულის დაავადებების, ინსულტების, ჰიპერტენზიის, დიაბეტის, დემენციისა და სხვა დაავადებების მქონე პაციენტების მონაცემებს.
მკვლევარების თქმით, მიუხედავად ამ დაავადებებისა, რომ არა კორონავირუსით ინფიცირება, ეს ადამიანები კიდევ დიდხანს იცოცხლებდნენ.
მეცნიერების მოსაზრება: კორონავირუსი შესაძლოა ორგანიზმში სამუდამოდ რჩებოდეს>>
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ამ დროისათვის 2 709 483 ადამიანს შეადგენს. აქედან გარდაცვლილია 190 872 და განკურნებულია 742 855 კაცი.