თბილისი, 24 აპრილი – Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სამეგრელოს რეგიონში დიდი ოდენობით უაქციზო თუთუნის რეალიზაციის ოთხი ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამართალდამცველებმა მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს.
პოლიციამ აღნიშნული პირებისგან სარეალიზაციოდ განკუთვნილი 150 კილოგრამზე მეტი უაქციზო თუთუნი ამოიღო, რომლის საბაზრო ღირებულება 18 ათას ლარს აღემატება.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის მე-200 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.