COVID-19 - ბოლო ცნობები

გახარია: ერთიანი ეროვნული გამოცდები აუცილებლად ჩატარდება

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ეროვნული გამოცდების ჩატარებას საფრთხე არ ემუქრება და აბიტურიენტების რეგისტრაცია უკვე მიმდინარეობს.
Sputnik

თბილისი, 24 აპრილი - Sputnik. წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები აუცილებლად ჩატარდება, განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. 

სკოლებში სწავლა სექტემბრამდე არ განახლდება

მისი სიტყვებით, ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება. განათლების სამინისტრომ დაწესებული შეზღუდვების ეფექტურად გამკლავება მოახერხა და საჯარო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში დისტანციული სწავლების მეთოდი დანერგა.

„ეროვნულ გამოცდებს არაფერი ემუქრება. ეროვნული გამოცდები ჩატარდება. უბრალოდ, შესაძლოა, იგი გარკვეული დროით გადავადდეს, თორემ ეროვნული გამოცდების მექანიზმი სრულად იქნება შენარჩუნებული", — განაცხადა გახარიამ.

განათლების სამინისტრომ ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის ვადების გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა თავად გამოცდების ჩატარების ვადებში კორექტივები არ შეუტანია.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაციის ვადა 30 აპრილის 18:00 საათამდე გახანგრძლივდა.