COVID-19 - ბოლო ცნობები

საქართველოში ერთ დღეში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 114-ჯერ დაირღვა

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 ათასი ლარით
Sputnik

თბილისი, 24 აპრილი - Sputnik. სამართალდამცველებმა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმისა და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 114 ახალი ფაქტი გამოვლინეს,  ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში

საგანგებო მდგომარეობა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს გამოცხადდა და 22 მაისამდე  გაგრძელდება. 31 მარტიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმიც მოქმედებს. შემოღებულია ასევე კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე. 

შეზღუდვების მოხსნა: ეტაპები და ვადები

კერძოდ,  23 აპრილის 21:00 საათიდან 24 აპრილის დილის 06:00 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 59 მოქალაქე დაჯარიმდა.

გარდა ამისა, პოლიციამ საჯარო სივრცეში სამზე მეტი პირის შეკრებისა და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო 24  მოქალაქე დააჯარიმა, თვითიზოლაციის წესების დარღვევის კი ერთი ახალი ფაქტი გამოვლინდა.

მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კი 30  პირი დაჯარიმდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო  მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები.

კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვებისა და აკრძალვების სრული ჩამონათვალი 24 აპრილისთვის>>

საგანგებო მდგომარეობის დარღვევა ისჯება ადმინისტრაციული ჯარიმით: ფიზიკური პირებისთვის 3 ათასი ლარით და იურიდიული პირებისთვის 15 ათასი ლარით, ხელახალი დარღვევა სისხლის სამართლის დანაშაულია და დამრღვევს სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

24 აპრილის   მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 431-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 132, გარდაიცვალა 5. კარანტინში იმყოფება 5888  ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 571 პაციენტია.