COVID-19 - ბოლო ცნობები

კალაძემ მთავრობის მიერ წარმოდგენილ ანტიკრიზისულ გეგმას მაღალი შეფასება მისცა

დედაქალაქის მერის განცხადებით, ხელისუფლების გეგმა ძალზე ეფექტურია, რომელიც დაეხმარება როგორც ფიზიკურ პირებს, ისე ბიზნეს–სექტორის წარმომადგენლებს.
Sputnik

თბილისი, 24 აპრილი – Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ ანტიკრიზისულ გეგმას, რომელიც პანდემიის დროს მოსახლეობის დახმარებას ითვალისწინებს. ანტიკრიზისული გეგმა პრემიერმა გიორგი გახარიამ წარმოადგინა.

გეგმის თანახმად, პირები, რომლებმაც სამუშაო დაკარგეს და უვადო შვებულებაში არიან, ექვსი თვის განმავლობაში მიიღებენ თვეში 200 ლარის ოდენობით დახმარებას. რაც შეეხება თვითდასაქმებულებს, მათ სოციალური აგენტები დაადგენენ და ისინი ერთჯერად 300-ლარიან დახმარებას მიიღებენ. ამისთვის ბიუჯეტიდან 75 მილიონი ლარია გამოყოფილი.

„პროგრამა, რომელიც დღეს იქნა წარმოდგენილი, მაქსიმალურად უნდა დაეხმაროს ფიზიკურ პირებსა და ბიზნეს–სექტორის წარმომადგენლებს, რათა რაც შეიძლება მალე მოხდეს ამ რთული და კრიტიკული მდგომარეობიდან გამოსვლა“, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერმა კომენტარი ასევე გააკეთა დაწესებული შეზღუდვების გაუქმების შესახებ მთავრობის ეტაპობრივ გეგმაზე. 

შეზღუდვების მოხსნა: ეტაპები და ვადები

„წარმოდგენილი იქნა ობიექტების გახსნის ღონისძიებების გეგმა. თუმცა, აქ ჩვენ არ უნდა ვიყოთ ძალიან თავდაჯერებული და, რა თქმა უნდა, უნდა ვიყოთ ფრთხილები, რადგანაც მტერი, რომელსაც ჩვენ და მთელი მსოფლიო ებრძვის, უხილავია“, – განაცხადა კალაძემ.

სახელმწიფო დახმარებას აღმოუჩენს ასევე სოციალურად დაუცველებსაც. კერძოდ, ის ოჯახები, რომლებმაც 65 ათასიდან 100 ათასამდე სარეიტინგო ქულა მიიღეს, ნახევარი წლის განმავლობაში დაახლოებით 600 ლარის ოდენობის დახმარებას მიიღებენ.

„მე, როგორც ქალაქის მერი, თქვენ სრულ მხარდაჭერას გიცხადებთ. ჩვენ, მერიას, რაიონულ ადმინისტრაციებს სოციალურად დაუცველი ადამიანების ბაზა გვაქვს, რომლებიც ყველაზე მეტად საჭიროებენ მხარდაჭერას... როდესაც პროექტი დაიწყება, ჩვენ მზად ვიქნებით მისი განხორციელებისთვის“, – აღნიშნა კალაძემ.

საქართველოში ეპიდაფეთქების ფონზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და შეიზღუდა ეკონომიკური საქმიანობა. მომსახურებისა და ტურიზმის სფეროში მრავალი ობიექტის მუშაობის შეჩერებამ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი უმუშევარი დატოვა. ზუსტი რიცხვი, ვინც პანდემიის პირობებში სამსახური დაკარგა, ამ დროისთვის უცნობია.