თბილისი, 23 აპრილი – Sputnik. საგანგებო მდგომარეობისა და კარანტინის წესების განმეორებით დარღვევა 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
ეს გადაწყვეტილება კი არა, მხოლოდ ინიციატივაა, რომელზეც საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს – კალაძე >>
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 ათასი ლარით. განმეორებით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს. დღემდე ის 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.
საქართველოს პარლამენტმა „სისხლის სამართლის კოდექსში“, ასევე „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ განსახორციელებელი ცვლილებების პროექტი სამი მოსმენით დაამტკიცა.
მამუკა მდინარაძის თქმით, თუ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ პრეზიდენტის დეკრეტით და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილ წესებს დაარღვევს პირი, ის პირველ შემთხვევაში ისჯება კვლავინდებურად 3000 ლარით და იურიდიული პირის შემთხვევაში - 15 000 ლარით. საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, ამის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კონკრეტული პირი დაისჯება უკვე 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
„ეს ზომები საჭირო გახდა იმისთვის, რომ არ იყო განჭვრეტადი ადმინისტრაციული ჯარიმის დადგენის დაკისრების შემდეგ, რა პასუხისმგებლობა ეკისრებოდა პირს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით. კონკრეტული რეგულაცია არსებობს, რომელიც გათვალისწინებულია პრეზიდენტის დეკრეტით, მაგრამ ეს ქმედება, როგორც დანაშაული პირველად შემოვიდა სისხლის სამართლის კოდექსში. ასევე არის იქ მითითება, რომ პრეზიდენტის დეკრეტით თუ სხვა რამ არის გათვალისწინებული, ამ შემთხვევაში, მოქმედებს პრეზიდენტის დეკრეტით გათვალისწინებული სანქცია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, ცვლილებები კორონავირუსის გავრცელების პრევენციას და რისკების მინიმუმამდე დაყვანას ემსახურება, თუმცა კანიონის ეს ნორმები ძალაში კორონავირუსის პანდემიის დასრულების შემდეგაც დარჩება.
„ღმერთმა არ დაგვაჭირვოს, მაგრამ თუ მომავალში საგანგებო ან საომარი მდგომარეობის შემთხვევები გვექნება, ამ შემთხვევაში, „სისხლის სამართლის კოდექსში“ კონკრეტული ნორმა იქნება მისი დარღვევისთვის გათვალისწინებული და იმ შემთხვევისთვისაც კი, თუ დეკრეტით არ იქნა გათვალისწინებული. თუ დეკრეტი გაითვალისწინებს კონკრეტულ სანქციას კონკრეტული ქმედებისთვის, „სისხლის სამართლის კოდექსში“ ამასთან დაკავშირებით მითითება იქნება, რომ იმოქმედებს დეკრეტით გათვალისწინებული სანქცია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის მკვლელობაში ბრალდებული სამართალდამცველებს ჩაბარდა >>
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით 21 მარტს გამოცხადდა. 10 დღის შემდეგ ხელისუფლებამ დაწესებული შეზღუდვების გამკაცრება გადაწყვიტა. დღეისთვის ქვეყანაში იკრძალება სამზე მეტი ადამიანის შეკრება, აუცილებელია ორმეტრიანი სოციალური დისტანციის დაცვა, ღამით მოქმედებს კომენდანტის საათი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 420 დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია - 111 პაციენტი, ხოლო 5 ადამიანი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5223 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 584 ადამიანია.