COVID-19 - ბოლო ცნობები

კარანტინის და საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის სასჯელები მუდმივად იმოქმედებს

საქართველოში იზოლაციის ან კარანტინის წესების დარღვევა ფიზიკური პირის შემთხვევაში 2000-ლარიან ჯარიმას, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში - 10000-ლარიან ჯარიმას გამოიწვევს
Sputnik

თბილისი, 23 აპრილი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ და „სისხლის სამართლის კოდექსში“, რომლებიც მუდმივ საფუძველზე ჯარიმების და შემდგომში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შემოღებას გულისხმობს.

დღემდე საქართველოს კანონმდებლობაში არ არსებობდა ისეთი ცნებები, როგორიცაა კარანტინის ან თვითიზოლაციის დარღვევა, ანდა საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევა. 21 მარტს საგანგებო მდგომარეობის დაწესებისას სასჯელის შემოღება პრეზიდენტის დეკრეტით გახდა საჭირო: პირველ ეტაპზე ფიზიკური პირებისთვის 3 ათასი ლარი და 15 ათასი ლარი - იურიდიული პირებისთვის, განმეორებით შემთხვევაში ფიზიკური პირებისთვის სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა და იურიდიული პირებისთვის - ლიკვიდაცია ან ჯარიმა და საქმიანობის შეჩერება.

პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 106 ფაქტი გამოავლინა

უკვე 2 მაისიდან ეს ცნებები სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული სამართლის მოქმედ მუხლებში აისახება.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილი ცვლილებებით, საქართველოში იზოლაციის ან კარანტინის წესების დარღვევისთვის ფიზიკური პირებს დაეკისრება 2 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა, იურიდიული პირის შემთხვევაში ჯარიმა 10 ათასი ლარს შეადგენს.

განმეორებით მსგავსი დანაშაული ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და შინაპატიმრობას 6 თვიდან 2 წლამდე ვადით, ანდა თავისუფლების აღკვეთით 3 წლამდე ვადით.

სამხედრო ან საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის ჯარიმა იგივე რჩება. პირველ ეტაპზე ფიზიკური პირებისთვის 3 ათასი ლარი და 15 ათასი ლარი იურიდიული პირის შემთხვევაში.

კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვებისა და აკრძალვების სრული ჩამონათვალი 23 აპრილისთვის >>

ხოლო ამ წესების განმეორებითი დარღვევა ფიზიკური პირებისთვის 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ხოლო იურიდიული პირისთვის - ლიკვიდაციას ან ჯარიმას და საქმიანობის შეჩერებას ითვალისწინებს.

ორივე შემთხვევაში პრეზიდენტის დეკრეტი და მასში გათვალისწინებული სასჯელი ორივე კოდექსზე უფრო მაღლა დგას, რადგან მუხლებში მითითებულია: „თუ პრეზიდენტის დეკრეტით სხვა რამ არის გათვალისწინებული, ამ შემთხვევაში, მოქმედებს პრეზიდენტის დეკრეტით გათვალისწინებული სანქცია“.

სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გაგრძელებას მხარი დაუჭირა

რაც შეეხება საქართველოს სტანდარტებისთვის საკმაოდ სოლიდურ ჯარიმებს, კანონმდებლების განმარტებით, ისინი დარღვევების პრევენციას უზრუნველყოფენ.

„არავის უხარია, რომ 3000 ლარის გადახდის იძულებას უზრუნველყოფს სახელმწიფო კონკრეტული სამართალდარღვევის შემთხვევაში, მაგრამ ყველა მოქალაქეს უნდა ესმოდეს, რომ ამ წესების დარღვევა, რაც საგანგებო მდგომარეობის დროსაა დადგენილი, არის უდიდესი რისკის მატარებელი. ამიტომ პრევენციული ხასიათის ნორმებიც შეიქმნა, ჯერ დეკრეტით, ახლა ასეთი უკვე საქართველოს პარლამენტმა ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში დაადგინა“, – განაცხადა მდინარაძემ.

ქვეყანაში მოქმედი იურიდიული ნორმებით, კანონს უკუძალა არ აქვს და ის, ვინც უკვე დაჯარიმდა, კუთვნილი ჯარიმა პრეზიდენტის დეკრეტის თანახმად უნდა გადაიხადოს.