COVID-19 - ბოლო ცნობები

ძალიან ტოქსიკური: მეცნიერებმა COVID-19-ის სამკურნალო პრეპარატი დაიწუნეს

ანალიზით დადგინდა, რომ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტთა შორის მსხვერპლის რაოდენობა მეტი იყო მაშინ, როდესაც პაციენტებს აღნიშნული პრეპარატით მკურნალობდნენ.
Sputnik

თბილისი, 23 აპრილი – Sputnik. პაციენტები, რომლებიც COVID-19-ით იყვნენ დაავადებულები და მკურნალობის მიზნით მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატი "ჰიდროქსიქლოროქინი" ეძლეოდათ, უფრო ხშირად იღუპებოდნენ, წერს მედია ამერიკელ მკვლევართა ჯგუფზე დაყრდნობით. 

​გავრცელებული ინფორმაციით, მეცნიერებმა იმ 368 ინფიცირებულის ავადმყოფობის ისტორია შეისწავლეს, რომლებიც აშშ-ის ვეტერანთა საქმეების სამინისტროს სამედიცინო ცენტრებში იყვნენ მოთავსებული.

ანალიზით დადგინდა, რომ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტთა შორის მსხვერპლის რაოდენობა ნაკლები იყო იმ შემთხვევაში, როცა მათ ანტიბიოტიკებითა და ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატებით მკურნალობდნენ, ხოლო "ჰიდროქსიქლოროქინით" მკურნალობისას ლეტალური შედეგი უფრო ხშირად დგებოდა — სიკვდილიანობის მაჩვენებელმა 27,8% შეადგინა. 

დადგინდა COVID-19-ის შანსები: ექსპერტებმა კაცობრიობის ისტორიაში ყველა პანდემია შეადარეს

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ "ჰიდროქსიქლოროქინი" ინფიცირებულთა შინაგან ორგანოებს აზიანებს, რაც საბოლოოდ ლეტალურ შედეგს იწვევს.

აღსანიშნავია, რომ მანამდე ბრაზილიელმა მეცნიერებმა მალარიის საწინააღმდეგო კიდევ ერთი პრეპარატი — "ქლოროქინი" გამოსცადეს და დაადგინეს, რომ იმ პაციენტების მეოთხედს, რომლებსაც ამ საშუალებით მკურნალობდნენ, გულის სერიოზული პრობლემები განუვითარდათ.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ საფრანგეთში "ჰიდროქსიქლოროქინს" საკმაოდ წარმატებით იყენებენ. მაგალითად, ფრანგმა მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რა დროსაც COVID-19-ით დაავადებულ ექვს პაციენტს აღნიშნულ ანტიმალარიულ პრეპარატს აძლევდნენ, ხოლო სხვა ექვსს ანტიბიოტიკებითა და ვირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტებით მკურნალობდნენ. ტესტირების მეხუთე დღეს გაირკვა, რომ ყველა დაავადებული, რომლებსაც "ჰიდროქსიქლოროქინს" აძლევდნენ, სრულიად განიკურნა.

აღსანიშნავია, რომ "ჰიდროქსიქლოროქინს" ფრთხილად ეკიდებიან რუსეთში. ადგილობრივი ინფექციონისტების თქმით:

„ეს ძალიან ტოქსიკური პრეპარატია. შეუძლია გამოიწვიოს დიდი რაოდენობით გვერდითი ეფექტი — დაწყებული მხედველობის ნერვის ატროფიით, დასრულებული ღვიძლის უკმარისობით. ამ პრეპარატის ჭარბ დოზას უფროსებში შეუძლია გამოიწვიოს სუნთქვის გაჩერება, ხოლო ბავშვებში — ლეტალური შედეგი“.

ამერიკელი მკვლევარები დარწმუნებული არიან, რომ "ჰიდროქსიქლოროქინის" გამოყენება COVID-19-ის სამკურნალოდ მანამ არ შეიძლება, სანამ დამატებითი კლინიკური კვლევები არ ჩატარდება.