COVID-19 - ბოლო ცნობები

სამეგრელო-ზემო სვანეთში ხალხს რწმუნებულები და მაჟორიტარები ავტომობილებით მოემსახურებიან

საუბარია სურსათით და მედიკამენტებით მომარაგების საკითხებზე, ასევე სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებულ გადაადგილებაზე
Sputnik

თბილისი,  22 აპრილი – Sputnik. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სოფლად მცხოვრებ მოქალაქეებს აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში სოფლის რწმუნებულები და მაჟორიტარები მოემსახურებიან, იუწყება პირველი არხი.

მანქანებით გადაადგილებას საქართველოს ყველა რეგიონში მცხოვრები გლეხები შეძლებენ

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შეუფერხებლად წარმოების მიზნით, მოქალაქეებს გარკვეულ საათებში (06:00 საათიდან 08:00 საათამდე და 18:00 საათიდან 19:00 საათმდე) ავტომობილით გადაადგილების საშუალება მიეცათ. ამ დადგენილების აღსრულებისას წარმოშობილ საკითხებს ადგილობრივი ხელისუფლება და რეგიონული საკოორდინაციო საბჭოები გადაჭრიან. 

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, საუბარია მოქალაქეების სურსათით და მედიკამენტებით მომარაგების საკითხებზე, ასევე სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებულ გადაადგილებაზე.

„მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვამ მოქალაქეებს სხვადასხვა სახის პრობლემები შეუქმნა, ძალიან ბევრი ზარი შემოდის ცხელ ხაზზე სხვადასხვა საჭიროებებთან დაკავშირებით. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, სოფლის რწმუნებულებს და მაჟორიტარებს მიეცეთ გადაადგილების უფლება, რათა მოემსახურონ საჭიროებისამებრ ადგილობრივ მოსახლეობას“, – განაცხადა მოწერელიამ.

მძღოლებს ასევე მოუწოდებენ მგზავრთა გადაყვანის დროს დაიცვან საგანგებო მდგომარეობის დროს შემოღებული უსაფრთხოების წესები, რომელიც ითვალისწინებს ავტომობილში არაუმეტეს სამი ადამიანის ყოფნას – ორი მგზავრი უკანა სავარძელზე.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 21 მარტს ხელისუფლებამ ინფექციის გავრცელების საფრთხის გამო ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც 22 მაისამდე გახანგრძლივდა. ქვეყანაში მოქმედებს რიგი აკრძალვები, მათ შორის კომენდანტის საათი 21:00-დან 06:00 საათამდე.