თბილისი, 22 აპრილი – Sputnik. ვარკეთილში პატრულ-ინსპექტორებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე ორ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, იუწყება საქართველოს გენერალური პროკურატურა.
ვარკეთილში, პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევის და კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ფაქტზე ექვსი პირი დააკავეს. ინცინდენტი აღდგომა დღეს, 19 აპრილს მოხდა.
გამოძიებით დადგენილია, რომ თბილისში, ვარკეთილის მეოთხე მიკრორაიონში, 413-414-ე კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე ექვსი მოქალაქე ქეიფობდა, რითაც დაირღვა საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით დადგენილი პირობა, სამზე მეტი ადამიანის ერთად შეკრების აკრძალვის შესახებ.
მოქალაქის შეტყობინების საფუძველზე შეკრებილ პირებთან პატრულ-ინსპექტორები მივიდნენ და მათ განუმარტეს, რომ საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტის დარღვევის გამო მათ ჯარიმა დაეკისრებოდათ. აღნიშნულის შემდეგ ორმა მოქალაქემ პატრულ-ინსპექტორებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც დაზარალებულებმა სხეულის დაზიანებები მიიღეს.
ორი ბრალდებულის მიმართ გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის და მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით ჩადენილი ძალადობით ჯგუფურად წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.