მსოფლიო დღეს

დონალდ ტრამპი „მწვანე ბარათების“ გაცემას აჩერებს: ვის შეეხება აკრძალვები

აშშ-ის პრეზიდენტმა მანამდე განაცხადა, რომ ხელს მოაწერს ბრძანებულებას ქვეყანაში იმიგრანტების შესვლის აკრძალვის თაობაზე.
Sputnik

თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მალე გამოაცხადებს, რომ „მწვანე ბარათების“ გაცემა დროებით ჩერდება, იუწყება გაზეთი New York Times წყაროებზე დაყრდნობით.

გამოცემის ინფორმაციით, აკრძალვა ათობით ათას ადამიანს შეეხება. 

„ბრძანებას ხელს მოვაწერ“: დონალდ ტრამპი აშშ-ში იმიგრაციის შეჩერებას აპირებს

მანამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აპირებს დროებით შეაჩეროს იმიგრაცია აშშ-ში, რათა კორონავირუსული პანდემიით გამოწვეული კრიზისის ფონზე არ დაუშვას ამერიკის მოქალაქეების მიერ სამსახურების დაკარგვა. 

„ჩვენ უპირველესად ამერიკელებზე უნდა ვიზრუნოთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა. 

აღნიშნულ დოკუმენტს დონალდ ტრამპი, სავარაუდოდ, ოთხშაბათს მოაწერს ხელს. 

გარდა ამისა, სააგენტო Bloomberg-ის ცნობით, აშშ-ის ლიდერი ასევე აპირებს ქვეყანაში სამუშაო ვიზებით შესვლის შეჩერებასაც. ამგვარი დოკუმენტების თითქმის ყველა მფლობელს 90 დღით შეუწყდება შტატებში მოხვედრის შესაძლებლობა. სავარაუდოდ, გამონაკლისები დაიშვება სამედიცინო და კვების ინდუსტრიის მუშაკებისა და ასევე მათთვის, „ვინც ხელს უწყობს მომარაგების ჯაჭვის შენარჩუნებას“.

სამუშაო ვიზა H-1B-ს მფლობელებს კი, რომლებიც უკვე ცხოვრობენ აშშ-ში, მოუწევთ თავიდან დაამტკიცონ, რომ ისინი ამერიკელების სამუშაო ადგილებს არ იკავებენ.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოს 185 ქვეყანაში, ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე, 2 564 190 ადამიანი შეადგინა, აქედან გარდაცვლილია 177 445 და განკურნებულია 681 842 პაციენტი.