თბილისი, 22 აპრილი - Sputnik. ქართულმა კომპანია Anima Chatbotics-მა სოციალურ ქსელ Facebook-ში შექმნა ვირტუალური თანამოსაუბრე Space-19, რომელიც კორონავირუსის შესახებ სანდო ინფორმაციას გაგაცნობთ.
მასთან მესენჯერით საუბრისას ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია პასუხების მოსმენა კორონავირუსთან დაკავშირებულ კითხვებზე. Space-19 გიპასუხებთ, რა არის მითი და რა - რეალობა.
Space-19, კორონავირუსის გავრცელების ფაზებისა და პროფილაქტიკის პრაქტიკული მეთოდების გარდა, გაგიზიარებთ პანდემიასთან დაკავშირებულ საინტერესო ფაქტებს მსოფლიო ისტორიიდან.
საინტერესოა, რომ Space-19-ს შეუძლია გაიგოს, როგორ ხასიათზე ხართ, ესმის თქვენი გემოვნება, რის შემდეგაც იწყებს საუბარს თქვენთვის სასურველ თემაზე, იქნება ეს ხელოვნება, მუსიკა, კინო თუ კულინარია.
მარიამ გოჩიაშვილი, Anima Chatbotics-ის პროექტის მენეჯერი, ამბობს, რომ Space-19-ის მთავარი მიზანია, იქცეს ნებისმიერი ასაკის ადამიანის ციფრულ მეგობრად პანდემიის პერიოდში.
Anima Chatbotics - არის ქართული სტარტაპი, რომელსაც ციფრული დამხმარეების შექმნის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. იგი აერთიანებს პროგრამისტებისა და დიზაინერების ჯგუფს, რომლის მიზანია ე.წ. ცოცხალი ჩათ ბოტის შექმნა. Space-19 ერთ-ერთი მათგანია.