COVID-19 - ბოლო ცნობები

პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გაგრძელებას მხარი დაუჭირა

აღნიშნული ვადით გაგრძელდა ასევე პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტი, რომელიც საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში გარკვეულ შეზღუდვებს ითვალისწინებს.
Sputnik

თბილისი, 22 აპრილი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა დღეს გამართულ საგანგებო სხდომაზე დაამტკიცა პრეზიდენტის ბრძანება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შესახებ. სხდომას 115 დეპუტატი ესწრებოდა. 

საქართველოს პრეზიდენტი: საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება აუცილებელია

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიმართვის საფუძველზე საგანგებო მდგომარეობის ერთი თვით – 22 მაისამდე გაგრძელების შესახებ განცხადება სამშაბათს გააკეთა.

პარლამენტში ბრძანებას მხარი 97-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ წავიდა 10.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის ვადის გახანგრძლივებას საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა მხარი არ დაუჭირეს – ისინი ხელისუფლებისგან ამ გადაწყვეტილების მიღებამდე ანტიკრიზისული გეგმის წარმოდგენას მოითხოვდნენ.

მათ პასუხი გასცა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

„საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი არ ნიშნავს, რომ ყველა შეზღუდვა 22 მაისამდე გაგრძელდება. ისინი ეტაპობრივად მოიხსნება“, – განაცხადა პრეზიდენტმა კენჭისყრამდე.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით 21 მარტს გამოცხადდა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 22 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობამ 411-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 98 პაციენტი, გარდაიცვალა 5. კარანტინში იმყოფება 5160 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 579 პაციენტია.