COVID-19 - ბოლო ცნობები

ერაყიდან ჩარტერული რეისით საქართველოში 70 თანამემამულე დაბრუნდა

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ საზღვრები ჩაკეტა, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა და შეწყვიტა ყველა მიმართულებით ავიამიმოსვლა.
Sputnik

თბილისი,  22 აპრილი  — Sputnik.  ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ერაყიდან ჩარტერული რეისით საქართველოს 70 მოქალაქე დაბრუნდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი

საქართველოს საჰაერო სივრცე 22 მაისამდე დაკეტილია

ამავე რეისით საქართველოში გადმოასვენეს ერაყში დაღუპული საქართველოს მოქალაქის ცხედარი, რომელიც 24 მარტს გულის შეტევით გარდაიცვალა. 39 წლის მამაკაცი ქობულეთიდან იყო და ერაყში მეუღლესთან ერთად სამუშაოდ იმყოფებოდა.

ჩარტერული რეისი აჭარის მთავრობის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და იორდანიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერითა და კოორდინაციით განხორციელდა.

საქართველოში დაბრუნებული საქართველოს ყველა მოქალაქე კარანტინში გადაიყვანეს.

სამშობლოში სპეცრეისებითა და მესამე ქვეყნების გავლით 7 068 ადამიანი დაბრუნდა, მათგან ავიარეისებით – 3 985 ადამიანი, საზღვაო ტრანსპორტით – 286, სახმელეთო გზით – 2 797.

საქართველოს ყველაზე მეტი მოქალაქე დაბრუნდა თურქეთიდან – 2 763, გერმანიიდან – 1 474, იტალიიდან – 1296, პოლონეთიდან – 652, აშშ–დან (ნიუ–იორკი) – 591. აპრილის ბოლომდე კიდევ სამი ავიარეისის განხორციელება იგეგმება.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ საზღვრები ჩაკეტა, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა და შეწყვიტა ყველა მიმართულებით ავიამიმოსვლა. 21 მარტიდან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 22 მაისამდე გაგრძელდება.