თბილისი, 21 აპრილი – Sputnik. ორგანიზმში კორონავირუსზე ანტისხეულების გამოვლენის ე.წ. აგრესიულ ტესტირებას საქართველოში განსაკუთრებული რისკის ჯგუფში შემავალ ადამიანებს ჩაუტარებენ, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.
გაბუნიას თქმით, უკვე დაწყებულია სამედიცინო პერსონალის – სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლების (სადაც დასაქმებულია 4,5 ათასზე მეტი ადამიანი), თავდაცვის სამინისტროს სამსახურების ტესტირება. ასევე მიზნობრივ ჯგუფებს ტესტირებაზე წარმოადგენენ ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებული რისკის ჯგუფებში შედიან - გარდა სამედიცინო პერსონალისა, ესენი არიან თავშესაფრებში, სამონასტრო კომპლექსებში მცხოვრები პირები, ასევე ფსიქიატრიული კლინიკების თანამშრომლები და ბენეფიციარები.
ტესტირების კუთხით საქართველოში უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე ეს ორი კვირის წინ იყო, აღნიშნა გაბუნიამ. კერძოდ, ქვეყანაში უკვე შევსებულია PCR-ტესტის მარაგები, ასევე ფართოვდება ლაბორატორიული ქსელი.
„ჩვენ უკვე მზად გვაქვს გეგმა და სამშაბათიდან PCR ტესტირებას შემოუერთდებიან ახალი კერძო ლაბორატორიები, რაც მნიშვნელოვნად გააფართოებს ქსელს და შეამცირებს იმ დროს, რაც გვჭირდებოდა ტესტების აღებაზე და პაციენტს არ მოუწევს ლოდინი. ასევე ფართოდ არის გამოყენებული ანტისხეულების ტესტები - ამ ტესტებსაც ვიყენებთ უკვე ცხელების კლინიკებში, კოვიდ-კლინიკებში“, – განაცხადა გაბუნიამ პირველი არხის ეთერში.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა ამ დღეებში 20 ათასი უმაღლესი ხარისხის PCR-ტესტი მიიღო სამხრეთ კორეიდან. დღეს მსოფლიოში ორი სახის ტესტი არსებობს, რომლებიც კორონავირუსს ავლენს. არის ძირითადი – PCR/პჯრ, ანუ პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მეთოდით კვლევისთვის. PCR–ტესტი ბიოლოგიური მასალით ავლენს, აქვს თუ არა ვირუსი ადამიანს და იძლევა ზუსტ შედეგს. ის ავლენს ვირუსის მიკრომოლეკულას. ამ ტესტების მეშვეობით შედეგის მიღება შესაძლებელია დაავადების პირველივე დღეს, მანამდე, სანამ სიმპტომები გამოვლინდება.
საქართველომ 20 ათასი უმაღლესი ხარისხის კორეული „პისიარ“ ტესტი მიიღო>>
არის ასევე სწრაფი, ანუ ექსპრეს-ტესტები, რომლებიც ავლენს ანტისხეულებს, რომლებიც ინფიცირებიდან მესამე–მეშვიდე დღეს შეიძლება გამოვლინდეს, ანუ შედეგს ინფიცირების პირველივე დღეს არ იძლევა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 408 ადამიანი, აქედან გამოჯანმრთელდა 95 ადამიანი, გარდაიცვალა 4 პაციენტი, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4779, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 561 ადამიანია.
ასევე უცხოეთიდან სამკურნალოდ სამშობლოში გადმოყვანილია კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს სამი მოქალაქე.